Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყაზახურ საფეხბურთო გუნდს სანქცირებული რუსული ავიაკომპანიის ხომალდით სურდა ქუთაისში ჩამოსვლა - ავიაციის სააგენტო


ფოტო არქივიდან: რუსული ავიაკომპანია UVT AERO-ს თვითმფრინავი
ფოტო არქივიდან: რუსული ავიაკომპანია UVT AERO-ს თვითმფრინავი

ყაზახეთის საფეხბურთო კლუბ „აქტობეს" საქართველოში ჩამოფრენის საკითხზე განცხადება გაავრცელა საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ. როგორც ის განმარტავს, თავდაპირველი განაცხადის მიხედვით, ყაზახეთიდან ჩარტერულ ფრენას გეგმავდა სანქცირებული რუსული ავიაკომპანია (UVT AERO), რომელიც ევროკავშირის შავ სიაშია. ამასთან, სააგენტო აღნიშნავს, რომ საჰაერო ხომალდზე, რომლითაც დაგეგმილი იყო ფრენა, დაწესებულია მწარმოებლის შეზღუდვა. შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ამ ავიაკომპანიაზე ფრენის ნებართვა არ გასცა.

ახალი განაცხადით, რეისს შეასრულებს ყაზახური ავიაკომპანია SCAT Airlines-ი. სააგენტოს ცნობით, მასზე ნებართვა „უმოკლეს ვადაში, მომართვიდან ორ საათში, გაიცა".

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, ყაზახეთიდან ჩარტერული ფრენა შესრულდება 27 ივლისს და რეისი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 08:45 საათზე ჩამოფრინდება.

ჩარტერული რეისის თემაზე განცხადება გამოაქვეყნა ყაზახურმა საფეხბურთო კლუბმა „აქტობემ". მას არ უხსენებია სანქცირებული რუსული ავიაკომპანია. „26 ივლისს, დილით, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს წარმომადგენლებმა გამოგვიგზავნეს შეტყობინება ქუთაისის აეროპორტში თვითმფრინავის დაჯდომის უარყოფის შესახებ. ქართულ მხარესთან შემდგომმა სასწრაფო მოლაპარაკებებმა დადებითი შედეგი არ გამოიღო. საფეხბურთო კლუბი „აქტობე“ დარჩა სახლში", - აღნიშნული იყო „აქტობეს" განცხადებაში.

UEFA-ს კონფერენსლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი ქუთაისის „ტორპედოსა" და „აქტობეს" შორის 27 ივლისს, 21:00 საათზე, ქუთაისში, „შენგელია არენაზე" უნდა გაიმართოს.

„ტორპედომ“ პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ბოსნია და ჰერცეგოვინის „სარაევოს" პენალტების სერიაში სძლია მას შემდეგ, რაც ჯერ საშინაო (2:2) და შემდეგ გასვლითი მატჩები (1:1) ფრედ დაასრულა.

XS
SM
MD
LG