Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გია ვოლსკი სააკაშვილის ლობირებაზე აშშ-ის საელჩოსგან "სხვა სახის განცხადების გაკეთებას" ელის


გია ვოლსკი, მმართველი პარტიის წევრი და პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი
გია ვოლსკი, მმართველი პარტიის წევრი და პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი

მმართველი პარტიის წევრი და პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი საქართველოში აშშ-ის საელჩოსგან ითხოვს გაავრცელოს განცხადება, რომლითაც უარყოფს თავისი თანამშრომლის მონაწილეობას პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის ლობირებაში. ამ საკითხზე მან პარლამენტში ილაპარაკა ჟურნალისტებთან.

"თუკი FARA-ს ანგარიშში მოხსენიებულია საელჩოს თანამშრომელი და მითითებულია თანხა, რომლის რეალიზაციაში, გამოყენებასა და გახარჯვაში მითითებულია, რომ აშშ-ის საელჩოს თანამშრომელია ჩართული, კონკრეტული უარყოფაა საჭირო და არავისკენ ხელის გაშვერა. მით უმეტეს - ასეთი მოკავშირე ქვეყნის ხელისუფლებისკენ, რომელიც აშშ-სთან ერთად მონაწილეობს ოპერაციებში, ითვლება სტრატეგიულ პარტნიორად, სწორი არაა, არ წაადგება ორი ქვეყნის ურთიერთობებს და აშშ-ის იმიჯსაც, რასაკვირველია. აქედან გამომდინარე, სხვა სახის განცხადება უნდა გაკეთდეს, რა სახის აქტივობებში იყო ეს ადამიანი ჩართული, საერთოდ იყო თუ არა და რატომ არის მისი გვარი მითითებული ამ ანგარიშში", - ამბობს გია ვოლსკი.

საქართველოში აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, ბოლო დღეებში "სააკაშვილის ლობირების" შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ გაჟღერებულ დეზინფორმაციასთან დაკავშირებით, ქართულ მხარესთან კომუნიკაცია ჰქონდათ საქართველოშიც და ვაშინგტონშიც. საელჩო განცხადებაში აღნიშნავს, რომ დეზინფორმაციას ავრცელებდნენ როგორც პოლიტიკოსები, ისე მედიასაშუალებები.

"როგორც აღვნიშნეთ, თბილისში აშშ-ის საელჩოში არავის მიუღია მონაწილეობა ყოფილი პრეზიდენტის, სააკაშვილის ლობირებაში და არც დახმარებია მის ლობისტებს რაიმე შეხვედრის დაგეგმვაში. მავნებლური ინფორმაცია, რაც ამტკიცებს ან გულისხმობს, რომ საელჩოს თანამშრომლებმა ფული მიიღეს ლობისტური ფირმებისგან, ერთმნიშვნელოვნად ცრუ და უპასუხისმგებლოა", - წერია განცხადებაში.

ბოლო რამდენიმე დღეა საქართველოს სახელისუფლებო პარტიის წევრებმა და მათ მიმართ ლოიალურმა ტელეარხებმა გააჟღერეს ბრალდებები, რომ მიხეილ სააკაშვილის ლობირებაში ჩართული იყო აშშ-ის საელჩოს თანამშრომელი. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ გაასაჯაროვა პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის შესახებ (FARA-ს) დოკუმენტები.

"ძალიან ცუდია და მძიმე, როდესაც უცხო ქვეყნის საელჩოს წარმომადგენელი ჩართულია ასეთ ქმედებებში. ამას სჭირდება ახსნა-განმარტებები და კითხვებზე პასუხები. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, როდესაც არის მცდელობა ქვეყნის გაშავების, რომ ქვეყანა დაასანქცირონ. მე საუბარი არ მაქვს უცხო ქვეყნის მოქალაქეზე და საელჩოს თანამშრომელზე. უფრო გამაღიზიანებელი, დამაზიანებელი და ძალიან მძიმეა, როდესაც ამ ყველაფერში შენი ქვეყნის მოქალაქეები და პოლიტიკოსები არიან ჩართული, როგორმე დააზიანონ ეს ქვეყანა, ამ ქვეყნის ევროპული მომავალი", - თქვა თბილისის მერმა და მმართველი პარტიის გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ.

XS
SM
MD
LG