Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

განადგურდა 180, დაინგრა 300 და დაზიანდა 1 000-ზე მეტი სკოლა - უკრაინის განათლების სამინისტრო ომის შედეგებზე


საკლასო ოთახი დანგრეული სკოლის შენობაში დაფაზე წარწერით: "23 თებერვალი, საკლასო სამუშაო". გადაღებულია ხარკოვის ოლქში, სოფელ პრუდიანკაში, 2023 წლის 13 მარტს
საკლასო ოთახი დანგრეული სკოლის შენობაში დაფაზე წარწერით: "23 თებერვალი, საკლასო სამუშაო". გადაღებულია ხარკოვის ოლქში, სოფელ პრუდიანკაში, 2023 წლის 13 მარტს

უკრაინის განათლების სამინისტრო აქვეყნებს მონაცემებს ომის შედეგად განადგურებული და დაზიანებული სკოლების შესახებ.

"დღევანდელი მდგომარეობით, 180 სკოლა სრულად განადგურებულია. 300-ზე მეტი სკოლა იქცა ნანგრევებად და 1 000-ზე მეტი დაზიანდა - ახლა ვამოწმებთ, შესაძლებელი იქნება თუ არა დაზიანებული სკოლების აღდგენა", - ამბობს უკრაინის განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ოქსენ ლისოვი. მონაცემები 26 ივლისის მდგომარეობას ასახავს.

განათლების მინისტრმა ისაუბრა გადარჩენილი სკოლების თავშესაფრით უზრუნველყოფის აუცილებლობაზეც მომდევნო სასწავლო წლისთვის. უკრაინის მთავრობამ თავშესაფრების დროულად აღჭურვისთვის 1.5 მილიარდი უკრაინული გრივნა [დაახლოებით 40 820 000 $] გამოყო.

ლისოვის განმარტებით, სექტემბრიდან უკრაინის 13 000 სკოლიდან მხოლოდ 9 000-ს შეეძლება სრული დატვირთვით სასწავლო პროცესის განახლება.

"ჩვენთვის პრიორიტეტი მოსწავლეების სასწავლო კლასებში დაბრუნებაა. სადაც ეს შესაძლებელი იქნება, სწავლას აღვადგენთ. განათლება საბრძოლო ზონასთან ახლოს მდებარე ოლქებში ონლაინ რეჟიმში განახლდება", - ამბობს ლისოვი.

ლისოვი დასძენს, რომ სამინისტრო ასევე რეკომენდაციას უწევს უნივერსიტეტებს, უსაფრთხოების ზომების დაცვის პარალელურად, დაბრუნდნენ კამპუსში ფიზიკურად, ვინაიდან ეს ხელს შეუწყობს განათლების ხარისხის გაუმჯობესებას.

უკრაინის განათლების სამინისტრო სკოლების ნგრევის გარდა, ყურადღებას ამახვილებს სხვა პრობლემებზეც, რაც სრულფასოვანი სწავლის პროცესს შეუძლებელს ხდის. ამ პრობლემებიდან ერთ-ერთია მასწავლებლების მიგრაცია - სამინისტრო ამბობს, რომ პირისპირ სწავლების აღდგენისთვის ეს ერთ-ერთი დაბრკოლებაა.

XS
SM
MD
LG