Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სუნაკმა და ზელენსკიმ მარცვლეულის ექსპორტზე ისაუბრეს, ევროკავშირმა კიევს 1,5 მლრდ ევრო გამოუყო


დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი (მარცხნივ) და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. ჰიროსიმა, 20 მაისი, 2023.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი (მარცხნივ) და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. ჰიროსიმა, 20 მაისი, 2023.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა და უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 25 ივლისს სატელეფონო საუბარი გამართეს იმაზე, თუ როგორ უნდა იქნეს უზრუნველყოფილი უკრაინული მარცვლეულის გატანა საერთაშორისო ბაზრებზე. ამავე დროს ევროკავშირმა გამოაცხადა, რომ უკრაინას ინფრასტრუქტურის შეკეთებისთვის 1,5 მილიარდი ევროს (1,66 მილიარდი დოლარი) ოდენობის დახმარებას აღმოუჩენს რუსეთის ახალი საჰაერო თავდასხმების ფონზე საპორტო ქალაქ ოდესასა და დედაქალაქ კიევზე.

ბოლო დღეებში რუსეთის დარტყმები მიმართული იყო უკრაინის სურსათის საექსპორტო ობიექტებზე, მათ შორის, მდინარე დუნაიზე მდებარე პორტებზე, ნატოს წევრი რუმინეთის საზღვრის მახლობლად. რუსეთი დარტყმებს ახორციელებს მას შემდეგ, რაც გასულ კვირაში კრემლი გამოვიდა გაეროს შუამავლობით მოქმედი შეთანხმებიდან საზღვაო დერეფნის შესახებ, რომელიც უკრაინული მარცვლეულის უსაფრთხო გადაზიდვის საშუალებას იძლევა.

„პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ დიდი ბრიტანეთი თურქეთთან მჭიდროდ თანამშრომლობს მარცვლეულის შეთანხმების აღდგენაზე და ჩვენ კვლავაც გამოვიყენებთ ჩვენს, როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის როლს რუსეთის ქცევის შემდგომშიც დასაგმობად“, - ნათქვამია სუნაკის ოფისის განცხადებაში.

ბრიუსელში, ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ის „მტკიცედ გმობს“ რუსეთის თავდასხმებს უკრაინის მარცვლეულის შენახვისა და ექსპორტის ინფრასტრუქტურაზე და პირობა დადო, რომ გააგრძელებს კიევის დახმარებას.

„დღეს ჩვენ გადავიხადეთ 1,5 მილიარდი ევრო, რათა დავეხმაროთ [უკრაინის] სახელმწიფოს ფუნქციონირებას და ინფრასტრუქტურის შეკეთებას“, - დაწერა ფონ დერ ლაიენმა Twitter-ში.

XS
SM
MD
LG