სახელმწიფო დუმამ საბოლოო, მესამე მოსმენით დაამტკიცა კანონპროექტი 2024 წლიდან რუსეთში ჯარში გაწვევის ასაკის 30 წლამდე გაზრდის შესახებ.
კანონპროექტის მიღებას მხარი დაუჭირა 328-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი იყო 13, კიდევ 27-მა თავი შეიკავა.
თავდაპირველად იგეგმებოდა, რომ გაზრდიდნენ გაწვევის ასაკის ქვედა ზღვარსაც: 18-დან 21 წლამდე. თუმცა, მოგვიანებით სახელმწიფო დუმის თავდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელმა ანდრეი კარტაპოლოვმა თქვა, რომ კომიტეტმა გადაწყვიტა, ეს არ გაეკეთებინა. მან ცვლილებები იმით ახსნა, რომ დემოგრაფიული ვითარების გამო რუსეთის სულ უფრო ნაკლებ მოქალაქეს იწვევენ ჯარში.
ამგვარად, კანონპროექტის მიხედვით, რუსეთის მოქალაქეებს სამხედრო სამსახურში გაიწვევენ 18-დან 30 წლამდე. კანონი ძალაში შევა 2024 წლის 1 იანვრიდან, თუ მას მოიწონებს ფედერაციის საბჭო და დაამტკიცებს რუსეთის პრეზიდენტი. ფედერაციის საბჭოს სპიკერმა ვალენტინა მატვიენკომ განაცხადა, რომ სენატორები მხარს დაუჭერენ ცვლილებებს გაწვევის ასაკის გაზრდის შესახებ.
მანამდე ფედერაციის საბჭოს ორი კომიტეტის ხელმძღვანელები - ვიქტორ ბონდარევი და ანდრეი კლიშასი - ეწინააღმდეგებოდნენ გაწვევის ასაკის ქვედა ზღვრის შენარჩუნებას ზედას გაზრდის შემთხვევაში. ამასთან, ისინი გამოვიდნენ წინადადებით, საკუთარი სურვილით ნებადართული იყოს სამხედრო სამსახურის დაწყება18 წლიდან.
კრემლში განაცხადეს, რომ „ხელმძღვანელობენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს არგუმენტაციით“. 2022 წლის დეკემბერში თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ გამოვიდა წინადადებით, გაწვევის ასაკის ჩარჩოები 18-27 წლის ნაცვლად 21-30 წლით შეიცვალოს.