საგამოძიებო კომიტეტმა საბოლოოდ წაუყენა ბრალი დარია ტრეპოვას სანქტ-პეტერბურგში ომის მომხრე ბლოგერის, ვლადლენ ტატარსკის, მკვლელობის საქმეზე. ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ იუწყება საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელ ალექსანდრ ბასტრიკინზე დაყრდნობით. ტრეპოვას წინააღმდეგ მიმდინარეობს გამოძიება ტერაქტის საქმეზე.
მაისში რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძებნილთა სიაში შეიყვანა უკრაინის მოქალაქე იური დენისოვი, რომელიც ტატარსკის მკვლელობის ორგანიზატორად ითვლება.
გამოძიების ვერსიით, დენისოვმა რუსეთში ყოფნისას შეაგროვა ინფორმაცია ტატარსკის შესახებ, შემდეგ კი 26 წლის პეტერბურგელ დარია ტრეპოვას გადასცა სტატუეტი ასაფეთქებელი მოწყობილობით. 2 აპრილს ქალმა ის მიიტანა ბლოგერთან შეხვედრაზე კაფე Street Food Bar No1-ში, სადაც აფეთქება მოხდა. ტატარსკი დაიღუპა, ათობით ადამიანი დაშავდა.
დარია ტრეპოვა ექსტრემისტებისა და ტერორისტების რეესტრს დაემატა. შინაპატიმრობაში მოათავსეს პეტერბურგელი ქალის ნაცნობი დმიტრი კასინცევი, რომლის ბინასაც შეაფარა თავი ტრეპოვამ აფეთქების შემდეგ. იური დენისოვი, FSB-ს ცნობით, თურქეთში გაფრინდა.
უწყება ასევე აცხადებს, რომ დენისოვი და ტრეპოვა ომის მომხრე ბლოგერის მკვლელობაზე წავიდნენ ალექსეი ნავალნის მიერ დაარსებული ანტიკორუფციული ფონდის ლიდერების - ლეონიდ ვოლკოვისა და ივან ჟდანოვის „განმეორებითი ზარების“ შემდეგ. სპეცსამსახურს თავისი სიტყვების მტკიცებულებები არ წარმოუდგენია. ოპოზიციონერის თანამებრძოლებმა უარყვეს ეს ბრალდებები.