Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის პარლამენტმა მხარი დაუჭირა სასამართლო რეფორმის პირველ კანონპროექტს


აქცია იერუსალიმში, ქნესეთის შენობასთან. 24 ივლისი, 2023 წელი
აქცია იერუსალიმში, ქნესეთის შენობასთან. 24 ივლისი, 2023 წელი

ისრაელის პარლამენტმა, ქნესეთმა, 24 ივლისს მხარი დაუჭირა პირველი კანონპროექტის მიღებას სასამართლო რეფორმის ფარგლებში, რის წინააღმდეგაც მასობრივი საპროტესტო გამოსვლები იმართება.

ქნესეთის სხდომას პირდაპირ ეთერში გადასცემდა გაზეთი The Jerusalem Post-ი.

ბოლო კენჭისყრას ბოიკოტი გამოუცხადეს ქნესეთის ოპოზიციონერმა დეპუტატებმა, მაგრამ კანონის მისაღებად საკმარისი იყო მმართველი კოალიციის 64 წევრის ხმა.

კანონით შეიზღუდება უზენაესი სასამართლოს უფლება, გააუქმოს გადაწყვეტილებები, რომლებსაც იღებს მთავრობა (მას დეპუტატები აყალიბებენ). კრიტიკოსების აზრით, ხელისუფლების კონტროლის რამდენიმე ეფექტური მექანიზმიდან ერთ-ერთის გაუქმებით, მიღებული ცვლილებები ძალაუფლების ბოროტად გამოყენების შესაძლებლობას ქმნის.

რეფორმით გათვალისწინებული სხვა ცვლილებებით, რომლებიც დღეს, ორშაბათს, არ გასულა კენჭისყრაზე, შეიცვლება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცედურა. ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ სასამართლო რეფორმით შეთავაზებული კანონები დამოუკიდებელი სასამართლოს გაქრობას გამოიწვევს.

პარლამენტის სხდომის დროს პარალელურად გაიმართა საპროტესტო აქცია. მასში 20 ათასი ადამიანი მონაწილეობდა, იუწყება გაზეთი Haaretz-ი. პოლიციამ აქციის მონაწილეების დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენა. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია 19 ადამიანი.

საპროტესტო აქციებს მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ. ისრაელის ბიზნესფორუმმა, რომელიც აერთიანებს ქვეყნის 150 უმსხვილესი კომპანიის ლიდერებს, რეფორმის წინააღმდეგ გაფიცვა გამოაცხადა. მასში ჩართულია ასევე ბევრი დამწყები კომპანია, ბანკი, სავაჭრო ცენტრი და ბენზინგასამართი სადგური.

ორშაბათს ისრაელის ფინანსთა მინისტრმა ბეცალელ სმოტრიჩმა წამოაყენა წინადადება, საკანონმდებლო ცვლილებების კენჭისყრა ნახევარი წლით გადაედოთ. ინიციატივა დეპუტატებმა უარყვეს. მმართველი კოალიციის ულტრაკონსერვატიული წევრები ითხოვენ კანონპროექტების უცვლელი სახით მიღებას, სხვა შემთხვევაში იმუქრებიან, რომ გავლენ კოალიციიდან, რაც გარდაუვალად გამოიწვევს მეექვსე საპარლამენტო არჩევნებს 4 წელიწადში.

XS
SM
MD
LG