Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

განათლების სამინისტრო აცხადებს, რომ რუსულ-ქართული სასწავლებლის გახსნაზე ინფორმაცია დეზინფორმაციაა


საქართველოს განათლების სამინისტროს შენობა
საქართველოს განათლების სამინისტროს შენობა

საქართველოს განათლების სამინისტრო აცხადებს, რომ რუსულ-ქართული უნივერსიტეტის შესაძლო გახსნის შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. უწყებაში ამბობენ, რომ განმარტება მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე გაავრცელეს.

სამინისტრო აღნიშნავს, რომ "ეს არის დეზინფორმაცია, რომელიც ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, განათლების სისტემისა და ხელისუფლების მიზანმიმართულ დისკრედიტაციას".

"გაცნობებთ, რომ რუსულ-ქართული სასწავლებლის გახსნის მოთხოვნით სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში განცხადება არ შემოსულა... სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ მსგავსი სასწავლებლის გახსნასთან დაკავშირებით საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში არანაირი პროცედურა არ მიმდინარეობს", - წერია განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მასში ასევე აღნიშნულია, რომ სპეციალური პროცედურის გავლის გარეშე, საგანმანათლებლო დაწესებულება ქვეყანაში ვერ დაიწყებს საქმიანობას:

"განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ავტორიზაციის მინიჭების გარეშე არც ერთ სასწავლებელს არ აქვს საქართველოში საგანმანათლებლო საქმიანობის წარმოების უფლება... ავტორიზაციის გავლა სავალდებულოა როგორც საჯარო, ასევე კერძო სუბიექტისთვის".

ინტერნეტგამოცემა SOVA-მ პრორუსულ გამოცემა "საქართველო და მსოფლიოსთან" საქართველოში პრიმაკოვის ცენტრის ხელმძღვანელის დიმიტრი ლორთქიფანიძის ინტერვიუზე დაყრდნობით დაწერა, რომ საქართველოში ქართულ-რუსული უნივერსიტეტი გაიხსნება.

"უნივერსიტეტში სწავლა უფასო იქნება - დაფინანსების ხარჯებს რუსეთის ფედერაცია დაფარავს. ეს იქნება უნიკალური უნივერსიტეტი, რომელიც სრულად დაკომპლექტდება რუსული მხარის მიერ. ვვარაუდობ, რომ სექტემბრის ბოლომდე გვექნება უფრო ნათელი სურათი", - თქვა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.

საქართველოში პრიმაკოვის ცენტრის ხელმძღვანელი დიმიტრი ლორთქიფანიძე იყო იმ პირდაპირი ავიარეისის ერთ-ერთი პირველი მგზავრი, რომელიც 2023 წლის 20 მაისს განხორციელდა მოსკოვიდან თბილისის მიმართულებით მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 10 მაისს ხელი მოაწერა საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენის განკარგულებას.

XS
SM
MD
LG