კვირას ესპანეთში საპარლამენტო არჩევნები იმართება. ანალიტიკოსები თვლიან, რომ მის შემდეგ ესპანეთის პარლამენტი შეიძლება მემარჯვენე ყაიდის პოლიტიკოსებმა შეავსონ - უპირატესად მემარცხენე მთავრობის ოთხწლიანი მუშაობის შემდეგ.
ამჟამინდელი მთავრობა, რომელსაც სოციალისტური მუშათა პარტიის (PSOE) წარმომადგენელი, პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი ხელმძღვანელობს, თავის მთავარ კონკურენტს, მემარჯვენე-ცენტრისტულ სახალხო პარტიას (PP) უპირისპირდება. მაისში გამართულ ადგილობრივ არჩევნებში PSOE-მ უკვე განიცადა მარცხი. თუმცა, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ვერცერთი ეს პარტია ვერ მოიპოვებს საპარლამენტო უმრავლესობას 176 მანდატით და მათ მოუწევთ კოალიციებში შესვლა უფრო რადიკალურ ძალებთან - მემარცხენე პარტია Sumar-თან და ულტრამემარჯვენე Vox-თან.
ესპანეთში 37 მილიონი ამომრჩეველია. მათ მოუწევთ აირჩიონ პარლამენტის ქვედა პალატის 350 დეპუტატი და მისი ზედა პალატის, სენატის, 208 დეპუტატი. წელს რიგგარეშე არჩევნები ტარდება. ის დეკემბერში იყო დაგეგმილი, მაგრამ მაისის მუნიციპალურ არჩევნებში მისი პარტიის წარუმატებლობის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა სანჩესმა დაითხოვა პარლამენტი და ახალი არჩევნები დანიშნა ზაფხულისთვის.