უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თავის დასავლელ მოკავშირეებს არწმუნებს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევას „იმპულსი მოემატება“, იტყობინება Financial Times-ი, რომელიც აღნიშნავს, რომ „დასავლეთის ქვეყნების ხელისუფლებები შეშფოთებული არიან ოპერაციის ნელი ტემპით“.
ზელენსკიმ საერთაშორისო ლიდერებთან ონლაინრეჟიმში ისაუბრა ასპენის უსაფრთხოების ოთხდღიან ფორუმზე, რომელზეც განიხილეს უკრაინის კონტრშეტევის ტემპი.
ზელენსკის თქმით, უკრაინაში რუსული ჯარების შევიწროების დაწყება მოხერხდა მხოლოდ ერთი კვირის წინ - გაცილებით გვიან, ვიდრე ამას კიევი მოელოდა - რადგან მანამდე უკრაინის შეიარაღებულ ძალებს არ გააჩნდათ საჭირო რაოდენობის საბრძოლო მასალა, იარაღი და სათანადოდ მომზადებული მებრძოლები.
ოპერაციის დაწყების იძულებით შეფერხებამ რუსეთს საშუალება მისცა, დაენაღმა მისთვის საჭირო ტერიტორია და აეგო თავდაცვითი ზღვრები.
თუმცა, ფრონტზე დინამიკა შეიცვლება, პირობა დადო ზელენსკიმ და კიდევ ერთხელ გაიმეორა მოკავშირეებისადმი თხოვნა, გააძლიერონ შორი მანძილის რაკეტების მიწოდება და უკრაინას გადასცენ თანამედროვე ავიაგამანადგურებლები.
აშშ-ის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა, ფორუმზე განაცხადა, რომ უკრაინის სამხედრო ძალისხმევის შედეგები ნათელი გახდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც კიევი სრულად აამოქმედებს თავის ძალებს.