Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში დაიღუპა რუსული სააგენტო „რია ნოვოსტის“ კორესპონდენტი


როსტისლავ ჟურავლიოვი
როსტისლავ ჟურავლიოვი

უკრაინაში რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის“ სამხედრო კორესპონდენტი როსტისლავ ჟურავლიოვი დაიღუპა.

ინფორმაცია შაბათს თავად სააგენტომ გაავრცელა და დაწერა, რომ ჟურავლიოვი გარდაიცვალა „უკრაინული დაბომბვის დროს“, ის მანქანით გადაადგილდებოდა ზაპოროჟიეს რაიონის ქალაქ ვასილიევკიდან სოფელ ვლადიმიროვკისკენ,

სააგენტოს ცნობით, დაიჭრა მათი ფოტოჟურნალისტი კონსტანტინ მიხალჩევსკიც.

რუსეთის ჟურნალისტთა კავშირის ცნობით, დაშავებულები არიან „იზვესტიის“ კორესპონდენტი რომან პოლშაკოვი და ოპერატორი დმიტრი შიკოვი, ხოლო მათ შორის, ვინც ცეცხლის ქვეშ მოექცა, იყვნენ TASS-ისა და ტელეკომპანია „როსიის“ კორესპონდენტები.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დაბომბვა შაბათს შუადღისას მოხდა. უკრაინელი სამხედროები რუსული მხარის პრეტენზიებზე ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.

ჟურავლიოვი მართავდა ტელეგრამის არხ „ნეჟურკას“, სადაც უკრაინის ომზე წერდა.

მანამდე ის იყო აკრძალული ნაციონალ-ბოლშევიკური პარტიის აქტივისტი, ასევე ხელმძღვანელობდა არარეგისტრირებული პარტია „ედუარდ ლიმონოვის სხვა რუსეთის“ სვერდლოვსკის ფილიალს.

2014 წელს იგი აქტიურად მონაწილეობდა ყირიმის ანექსიაში და დონბასში ომში სეპარატისტთა მხარეს, რომლებსაც რუსეთი უჭერდა მხარს.

რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის დღიდან ომს ათობით უკრაინელი და უცხოელი ჟურნალისტი და ბლოგერი ემსხვერპლა. მათ შორის, ვერა გირიჩი, რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის ჟურნალისტი, გასული წლის აპრილში კიევზე რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაიღუპა.

უკრაინელი ფოტოგრაფი მაქსიმ ლევინი რუსმა ჯარისკაცებმა შარშან მოკლეს. ხოლო რუსი ოპოზიციონერი ჟურნალისტი ოქსანა ბაულინა კიევის დაბომბვისას დაიღუპა.

XS
SM
MD
LG