„ქართული ოცნების“ წევრი, პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე „იძულებით ნაბიჯს“ უწოდებს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების „სტრატეგია აღმაშენებლისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებას, ერთიანი პლატფორმით იბრძოლონ 2024 წლის არჩევნებზე.
მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ მართალია, ამ პარტიებს შორის იდეური სიახლოვე ყოველთვის იყო, თუმცა, მათი გაერთიანება არის არა იდეური, არამედ სხვა ინტერესებით ნაკარნახევი.
მისი განმარტებით, „სტრატეგია აღმაშენებელი“ ცდილობს, მომავალ არჩევნებში ბარიერის გადალახვის პრობლემა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ გაერთიანებით მოაგვაროს, ხოლო „ნაციონალური მოძრაობა“, შემცირებული რეიტინგის ფონზე, რესურსების მობილიზებას ცდილობს.
„წარუმატებლობის გზაზე მდგარი ეს ორი პარტია ომახიან განცხადებებს აკეთებს იმასთან დაკავშირებით, რომ ეს არის თითქოს წარმატების ფორმულა, წარმატების პლატფორმა, მაგრამ სინამდვილეში, ყველა კარგად ხვდება, რომ მათ მოსაფიქრებელი აქვთ ალტერნატიული გზები, რომ დაღმართში მავალი ეს პოლიტიკური დაჯგუფებები რაღაცნაირად გადაარჩინონ“, - ამბობს მიხეილ სარჯველაძე.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე კი ამბობს, რომ მისმა პოლიტიკურმა პარტიამ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ „გამარჯვების პლატფორმა“ დააფუძნეს და მათი სტრატეგია მხოლოდ გამარჯვებაა.
„გაერთიანების პირველი ეტაპი იქნება სექტემბერ-ოქტომბერში. ნახავთ ახალ ადამიანებს. ჩვენ მძლავრი დაგეგმვის ფაზაში ვართ. ხომ იცით, არ მიყვარს ზედაპირული მუშაობა, მიყვარს სისტემური მუშაობა, ასეთ მძლავრ დაგეგმვის ფაზაში ვართ. მეორე ეტაპი უკვე გაზაფხულზე იქნება. ჩვენი სტრატეგია არის გამარჯვება, გამარჯვება და კიდევ ერთხელ გამარჯვება. ჩვენ გავალთ პირველ ადგილზე. ეს იქნება ჩვენი მთავარი ამოცანა – ქართველ ხალხთან ერთად დიდი გამარჯვების მოპოვება“, – განაცხადა ვაშაძემ.
თავის მხრივ, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ „გამარჯვების პლატფორმა“ შექმნილია მიხეილ სააკაშვილის გარშემო, პრეზიდენტი სააკაშვილი ჩართული იქნება ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაში და სწორედ ის იქნება მთავარი ფაქტორი ბიძინა ივანიშვილის დამარცხებაში.
„ჩვენ აუცილებლად დავარწმუნებთ თითოეულ მოქალაქეს, რომ რუსი ოლიგარქის დასამარცხებლად ძალა არის მის ხელში. ამ ქვეყანაში რუსული მთავრობა არ უნდათ და უნდათ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი. ამაზე ყველა კვლევა საუბრობს, მათ შორის, ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის მხარდაჭერას არცერთ კვლევაში არ აქვს, ფატობრივად, 90%-ზე ნაკლები“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.
22 ივლისს, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერებმა იმერეთის მოსახლეობასთან ერთობლივი შეხვედრები გამართეს.