მაშველებმა კიდევ ხუთი გვამი იპოვეს ინდოეთის დასავლეთში მდებარე მაჰარაშტრის შტატში მომხდარი მეწყრის შემდეგ. საერთო ჯამში დაღუპულად ითვლება მინიმუმ 22 ადამიანი. ხელისუფლება შიშობს, რომ მსხვერპლის რიცხვი შეიძლება გაიზარდოს, ვინაიდან სავარაუდოდ ბევრი ადამიანია მოყოლილი შენობების ნანგრევებში.
მეწყერი ოთხშაბათს ღამით ჩამოწვა სოფელ ირშალვადიში. მეწყრის შედეგად სოფელში 50 სახლიდან 17 მიწით დაიფარა.
ხუთშაბათს ხელისუფლება იძულებული გახდა, კოკისპირული წვიმებისა და ახალი მეწყრის საფრთხის გამო შეეწყვიტა სამაშველო სამუშაოები. პარასკევს სამუშაოები კვლავ განახლდა.
ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, სამაშველო სამუშაოების განახლების შემდეგ კიდევ ათი დაშავებული პირი მოათავსეს საავადმყოფოში.
ინდოეთის ამინდის სამმართველომ მაჰარაშტრა სახიფათო ზონად გამოაცხადა, ვინაიდან მიმდინარე კვირაში შტატში გადაუღებელი კოკისპირული წვიმებია. წვიმების შედეგად სერიოზული დაბრკოლებები შეექმნა შტატის მრავალ მოქალაქეს, მათ შორის დედაქალაქ მუმბაიში, სადაც ხელისუფლებამ ხუთშაბათს სკოლები დახურა. ადგილობრივი მედიის ცნობით, შეწყდა სარკინიგზო მიმოსვლა.
ხელისუფლების წარმომადგენელთა თანახმად, ჩრდილოეთ ინდოეთში სარეკორდო მუსონური წვიმების შედეგად უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ვინაიდან წყალმა გზებზე ორმოების გაჩენა და სახლების ნგრევა გამოიწვია.
მეტეოროლოგიური სამსახურების ცნობით, მუსონური წვიმების შედეგად წელს უკვე მოვიდა ჩვეულებრივზე 2%-ით მეტი ნალექი.
ინდოეთში რეგულარულად ხდება დიდი წყალდიდობები წვიმების სეზონში, რომელიც ივნისიდან სექტემბრამდე გრძელდება. წვიმებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოყვანისთვის, მაგრამ მათ ხშირად მოაქვს მნიშვნელოვანი ზიანი.
მეცნიერთა თქმით, მუსონები უფრო არასტაბილური ხდება კლიმატური ცვლილებების გამო, რაც ხშირ მეწყრებსა და მოულოდნელ წყალდიდობებს იწვევს ინდოეთის ჩრდილოეთ ნაწილში.