ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურზულა ფონ დერ ლაიენმა, ნიუ-იორკში, მსოფლიო მშვიდობისა და თავისუფლების ჯილდოს მიღებისას თქვა, რომ დღეს ევროპის ისტორიის ახალი თავი ისეთ ქვეყნებში იწერება, როგორიცაა უკრაინა, მოლდოვა, საქართველო დ ასევე დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები.
მისი თქმით, ევროკავშირის ისტორია ახალგაზრდა და ძველი დემოკრატიების ისტორიაა და ისინი ერთად ძლიერდებიან. მათ შორის არის გერმანიის და იტალიის ისტორიაც, რომლებიც ხელახლა დაიბადნენ ომის შემდეგ. ასევე დიქტატურიდან - დემოკრატიამდე ესპანეთის, პორტუგალიისა და საბერძნეთის გზის ისტორია.
„ეს არის დემოკრატიული აღორძინების ისტორია „რკინის ფარდის“ დაცემის შემდეგ. დღეს ამ ისტორიის ახალი თავი იწერება უკრაინაში, მოლდოვაში, საქართველოში და ასევე, დასავლეთ ბალკანეთში. ეს არის ევროპის დაპირება, ერთიანი კონტინენტი, სადაც ყველა თანასწორია კანონის წინაშე, თავისუფლებითა და დემოკრატიით ყველასთვის“, – განაცხადა ურზულა ფონ დერ ლაიენმა.
ევროკომისიის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ევროპა უკრაინის გვერდით იმდენ ხანს იქნება, რამდენ ხანსაც ეს საჭირო იქნება, რადგან, მისი სიტყვებით, დღეს უკრაინა არა მხოლოდ თავისი, არამედ ყველა ქვეყნის თავისუფლებისთვის იბრძვის.
ილაპარაკა უკრაინის ევროკავშირისკენ მისწრაფებებზეც და თქვა, რომ ეს ნიშნავს საფუძვლიან სტრუქტურულ რეფორმებს, სასამართლოს დამოუკიდებლობით დაწყებული, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლით, უმცირესობების უფლებების დაცვითა და მედიის თავისუფლებით დამთავრებული.
„ძალიან სასიამოვნოა იმის ნახვა, თუ რამდენად სწრაფად და მტკიცედ ახორციელებს უკრაინა რეფორმებს ომის მიუხედავად“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.