Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირიმში ხანძარია, იტყობინებიან აფეთქებებზე საბრძოლო მასალების საწყობში


პოლიგონი სტარი კრიმში. 19 ივლისი, 2023 (სატელიტიდან გადაღებული ფოტო).
პოლიგონი სტარი კრიმში. 19 ივლისი, 2023 (სატელიტიდან გადაღებული ფოტო).

ანექსირებულ ყირიმში, კრასნოგვარდეისკის რაიონში, ხანძარი გაჩნდა სავარაუდოდ დრონის თავდასხმის შემდეგ, ასევე ვრცელდება ინფორმაცია საბრძოლო მასალის აფეთქების შესახებ.

ტელეგრამის რამდენიმე არხი აქვეყნებს ვიდეოებს, რომლებშიც ჩანს კვამლი და აფეთქებები. ვარაუდობენ, რომ ლაპარაკია სამხედრო აეროდრომზე სოფელ ოქტიაბრსკში, რომელიც ყირიმის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ასევე იწვის ნავთობის ბაზაც.

რუსეთის მიერ დანიშნულმა ყირიმის ხელმძღვანელმა სერგეი აქსიონოვმა განაცხადა, რომ უკრაინულმა უპილოტო საფრენმა აპარატმა იერიში მიიტანა საბრძოლო მასალის საწყობზე. მისი თქმით, მოხდა აფეთქება, „წინასწარი მონაცემებით, ნგრევა და მსხვერპლი არ ყოფილა“. გამოცხადებულია მოსახლეობის ევაკუაცია 5 კილომეტრის რადიუსში, ასევე შეჩერებულია მოძრაობა ყირიმის რკინიგზაზე.

უკრაინის სამხედროებს ჯერ არ გაუკეთებიათ კომენტარი ყირიმზე დრონების თავდასხმის შესახებ.

რუსეთის ხელისუფლება დაიმუქრა „გადაწყვეტილების მიმღებ ცენტრებზე დარტყმებით“, თუ ყირიმში მდებარე ობიექტებზე თავდასხმისთვის გამოყენებულ იქნება დასავლური იარაღი. თუმცა დრონების შესახებ არ უსაუბრიათ.

19 ივლისს ღამით ხანძარი გაჩნდა ყირიმში, კიროვის რაიონში მდებარე სამხედრო პოლიგონზე. ცეცხლი გაუჩნდა საბრძოლო მასალის საცავს ქალაქ სტარი კრიმის მახლობლად. რუსეთის ხელისუფლება მომხდარის მიზეზებზე არ საუბრობს. არაერთი ცნობის თანახმად, პოლიგონს დრონები დაესხნენ თავს.

17 ივლისს ღამით რამდენიმე აფეთქების შედეგად დაზიანდა ყირიმის ხიდი.

XS
SM
MD
LG