Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნავალნი კვლავ სადამსჯელო საკანში მოათავსეს თავის "არასწორად წარდგენის გამო“


რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალექსეი ნავალნი მელეხოვოს კოლონიიდან სასამართლო პროცესში ონლაინ მონაწილეობისას. 22 ივნისი, 2023 წელი
რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალექსეი ნავალნი მელეხოვოს კოლონიიდან სასამართლო პროცესში ონლაინ მონაწილეობისას. 22 ივნისი, 2023 წელი

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალექსეი ნავალნი, რომელიც კოლონიაში იხდის სასჯელს ვლადიმირის ოლქში, მეჩვიდმეტედ მოათავსეს სადამსჯელო საკანში.

ამის შესახებ მისი ადვოკატი, ვადიმ კობზევი იტყობინება. კობზევის თქმით, ნავალნის 13 დღე-ღამით მიესაჯა სადამსჯელო საკანი იმის გამო, რომ მან "არასწორად წარადგინა თავი".

ამის გამო პოლიტიკოსი ადრეც იყო გადაყვანილი სადამსჯელო საკანში. სხვა მიზეზები იყო შეხსნილი ღილი და ღობის გაწმენდაზე უარის თქმა. საერთო ჯამში, ნავალნიმ სადამსჯელო საკანში უკვე 180 დღეზე მეტი გაატარა. მანამდე პროკურატურამ ნავალნისთვის კიდევ 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა ექსტრემიზმის შესახებ სისხლის სამართლის ახალ საქმეზე. განაჩენი ოთხი კვირის შემდეგ, 4 აგვისტოს უნდა გამოცხადდეს.

ნავალნი კოლონიაში 2021 წლის თებერვლის შემდეგ იმყოფება. მაშინ სასამართლომ, ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის მოთხოვნით, "ივ როშეს" საქმეზე მისი პირობითი სასჯელი რეალურით შეცვალა. ეს მოხდა ნავალნის გერმანიიდან დაბრუნების შემდეგ, სადაც ის მკურნალობდა რუსეთში "ნოვიჩოკით" მოწამვლის შემდეგ.

2022 წლის ივნისში, ნავალნი პოკროვის ზოგადი რეჟიმის კოლონიიდან მელეხოვოს მკაცრი რეჟიმის კოლონიაში გადაიყვანეს. მის სისხლისსამართლებრივ დევნას თავად ნავალნი, რუსი უფლებადამცველები და საერთაშორისო თანამეგობრობა პოლიტიკურ დევნად მიიჩნევენ. სადამსჯელო საკანი პატიმრობის განსაკუთრებით მკაცრი პირობებით გამოირჩევა. ნავალნი მას აღწერდა, როგორც ორი - სამ მეტრზე ზომის საკანს, სადაც მას რკინის უზურგო სკამზე უხდებოდა ჯდომა. ის ასევე ჰყვებოდა, რომ სადამსჯელო საკანში არის მხოლოდ ადუღებული წყალი და ერთი წიგნი, განსხვავებით ჩვეულებრივი საკნისგან, სადაც არის "ყავა და ორი წიგნი".

"მედიაზონამ" მსგავსი სადამსჯელო საკნის ვირტუალური სიმულატორი შექმნა.

XS
SM
MD
LG