Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის დუმამ დაამტკიცა სკოლის მოსწავლეების შრომაში ჩართვის კანონპროექტი


რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ 20 ივლისს მეორე და მესამე მოსმენით მიიღო კანონპროექტი სკოლის მოსწავლეთა სავალდებულო ჩართვაზე "საზოგადოებრივ-სასარგებლო შრომაში".

კანონპროექტის მიხედვით, კანონებიდან ამოიღებენ პირობას, რომლის თანახმად, ბავშვების შრომაში ჩართვისთვის მშობლების თანხმობაა აუცილებელი. მოსწავლეებს შრომაში ჩართავენ მათი "ასაკობრივი და ფსიქოფიზიკური" მახასიათებლების გათვალისწინებით - ნათქვამია დოკუმენტში. შრომა ანაზღაურებული არ იქნება.

შესწორების ავტორები ადრე განმარტავდნენ, რომ "საზოგადოებრივ-სასარგებლო" შრომად შეიძლება ჩაითვალოს, მაგალითად, ხეებისა და ყვავილების დარგვა სკოლის ტერიტორიაზე ან სასკოლო მოედნის გაფორმებაში მონაწილეობა ღონისძიებებისთვის მზადებისას.

ამავე დროს, დეპუტატებმა სახელი გადაარქვეს "სასიცოცხლო აქტივობის უსაფრთხოების საფუძვლების" დისციპლინას, რომელსაც "სამშობლოს უსაფრთხოებისა და დაცვის საფუძვლები" ერქმევა. ცვლილებები ითვალისწინებს დისციპლინაში სამხედრო მომზადების საწყისებისა და ექსტრემიზმთან და ტერორიზმთან ბრძოლის საწყისების მოდულის შეტანას. ეს საგანი სავალდებულო იქნება.

უკრაინაში ომის ფონზე, რუსეთში გაიზარდა სახელმწიფო პროპაგანდა ბავშვებში. სასწავლო კვირა იწყება ჰიმნის შესრულებითა და დროშის აწევით, სკოლებში შეტანილია სავალდებულო სასწავლო საათები სათაურით, "საუბრები მნიშვნელოვანზე", რომლის დროსაც ბავშვებს უყვებიან "სპეციალურ სამხედრო ოპერაციაზე" - მოსკოვი ოფიციალურად ასე უწოდებს მის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ ომს.

XS
SM
MD
LG