Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ: რუსეთი შავ ზღვაში სამოქალაქო გემებს შეიძლება დაესხას თავს


საილუსტრაციო ფოტო
საილუსტრაციო ფოტო

აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენელმა 19 ივლისს გამოთქვა გაფრთხილება, რომ რუსეთი შესაძლოა, ემზადება შავ ზღვაში სამოქალაქო გემებზე თავდასხმისთვის.

„ჩვენი ინფორმაციით, რუსეთმა დამატებითი საზღვაო ნაღმები მოათავსა უკრაინის ნავსადგურების მისადგომებთან, - ნათქვამია ადამ ჰოჯის განცხადებაში - ვფიქრობთ, რომ ეს არის კოორდინირებული ძალისხმევა, რომელიც მიზნად ისახავს გაამართლოს ნებისმიერი თავდასხმა სამოქალაქო გემებზე შავ ზღვაში და მათზე პასუხისმგებლობა უკრაინას დააკისროს“.

ამ განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ თქვა, რომ უკრაინის ნავსადგურებისკენ მიმავალი ყველა გემი განიხილება სამხედრო ტვირთის პოტენციურ გადამზიდავად.

17 ივლისს მოსკოვმა უარი თქვა განახლებულიყო რუსეთს, უკრაინას, თურქეთსა და გაეროს შორის არსებული ე.წ. მარცვლეულის შეთანხმება, რომლის თანახმად, შეიქმნა უსაფრთხო საზღვაო დერეფანი უკრაინის პორტებიდან საექსპორტო მარცვლეულისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებით დატვირთული გემების გასასვლელად.

აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა მკვეთრად გააკრიტიკეს რუსეთის მიერ მარცვლეულის შეთანხმების გაგრძელებაზე უარი და უკრაინის ნავსადგურების ბლოკადას "სამხედრო აგრესიის აქტი" უწოდეს.

XS
SM
MD
LG