Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროკურატურა რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორუფციული გარიგების საქმეში კიდევ 4 ადამიანის მონაწილეობაზე საუბრობს


რესპუბლიკური საავადმყოფო
რესპუბლიკური საავადმყოფო

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, კორუფციულ დანაშაულში, რომელიც შპს "აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში" (რესპუბლიკური საავადმყოფო) მოხდა, კიდევ სამი ყოფილი თანამშრომლისა და კონტრაქტორი კომპანიის თანამშრომლის ბრალეულობა იკვეთება. საგამოძიებო უწყება აღნიშნავს, რომ ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის უფროსის, ინჟინერ-მშენებლის, სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველისა და კერძო კომპანიის ყოფილი დირექტორის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.

გამოძიების ინფორმაციით, 2020-2021 წლებში დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა „საუნივერსიტეტო კლინიკას“ ყალბი მიღება-ჩაბარების და შესრულებული სამუშაოების აქტები წარუდგინეს, რომლებში დაფიქსირებულ თანხებსა (3 060 496 ლარი) და რეალურად შესრულებული სამუშაოების თანხებს შორის სხვაობამ 580 768 ლარი შეადგინა.

  • ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, სამშენებლო სამუშაოების ყოფილ ტექნიკურ ზედამხედველს და ყოფილ ინჟინერ-მშენებელს წარედგინათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 341-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამსახურებრივი სიყალბე), რაც სასჯელის სახედ და ზომად 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს;
  • შპს „ნიუმშენის“ ყოფილ დირექტორს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი ოდენობით ნივთის მოტყუებით დაუფლება), სსკ-ის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი ოდენობით ნივთის მოტყუებით დაუფლების მცდელობა) და სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენების მიზნით დამზადება) წარედგინა, რაც 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

საგამოძიებო უწყებაში აღნიშნავენ, რომ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება დაიწყო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის ანგარიშის საფუძველზე. გამოძიების ფარგლებში უკვე დაკავებული არიან კლინიკის ყოფილი ფინანსური დირექტორი, ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი და ყოფილი ინდივიდუალური მეწარმე.

XS
SM
MD
LG