Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვარჰეი: მინისტრმა დარჩიაშვილმა დამარწმუნა, რომ 12 პრიორიტეტზე პროგრესი სწორი მიმართულებით მიდის


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, ევროკომისარი გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ოლივერ ვარჰეი
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, ევროკომისარი გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ოლივერ ვარჰეი

ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი შეხვდა ევროკომისარს გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში, ოლივერ ვარჰეის და ევროკომისიის სამეზობლოსა და გაფართოების საკითხებში მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის გენერალურ დირექტორს, გერტ იან კოპმანს. როგორც საქართველოს საგარეო უწყება აცხადებს, ვიზიტის მიზანი იყო საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეფასება და საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის მიმდინარე დღის წესრიგის განხილვა და სამომავლო ნაბიჯების განსაზღვრა.

„ხაზი გაესვა საქართველოს მნიშვნელოვან როლს და ქვეყნის სტრატეგიულ ფუნქციას დაკავშირებადობის თვალსაზრისით, დადებითად იქნა შეფასებული შუა დერეფნის კონცეფციის ფარგლებში სატრანზიტო მიმართულებით განხორციელებული პროექტები. შეხვედრებზე საუბარი ასევე შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს და გეოპოლიტიკურ გამოწვევებს. მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე შემდგომი პროგრესისთვის“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ცნობაში.

დარჩიაშვილთან შეხვედრას ტვიტერის ანგარიშზე გამოეხმაურა ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი.

„განვიხილეთ საქართველოს პროგრესი ევროკავშირის გზაზე. მინისტრმა დარჩიაშვილმა დამარწმუნა, რომ 12 პრიორიტეტზე პროგრესი სწორი მიმართულებით მიდის. 2023 წლის გაფართოების ანგარიშამდე, მნიშვნელოვანია, ამ საქმიანობის გაგრძელება და დაჩქარება", - აღნიშნა ვარჰეიმ.

ივნისის ბოლოს ევროკომისიამ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს წარუდგინა ზეპირი მოხსენება, რომლითაც, მათ შორის, საქართველოს პროგრესი შეაფასა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე:

  • მოკლე მოხსენების თანახმად, საქართველოს 12-დან მხოლოდ სამი რეკომენდაცია (სახალხო დამცველის არჩევა, გენდერული თანასწორობა, ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების გათვალისწინება) შეუფასეს „სრულად შესრულებულად“;
  • ითქვა, რომ ერთ რეკომენდაციაზე საქართველოს საერთოდ არ აქვს პროგრესი;
  • შვიდ რეკომენდაციაზე „ნაწილობრივი პროგრესი“ აქვს;
  • ერთ რეკომენდაციაზე „ლიმიტირებული პროგრესი“ აქვს.
  • ასევე ყურადღება გაამახვილეს დეოლიგარქიზაციის, სასამართლოს რეფორმირებისა და მედიის თავისუფლების ხელშეწყობის მიმართულებებით ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობაზე.

2023 წლის ოქტომბერში გახდება ცნობილი, გასცემს თუ არა ევროკომისია რეკომენდაციას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე. ევროკომისიის დასკვნის შემდეგ, 2023 წლის ბოლომდე ევროპული საბჭოს ლიდერები შეაფასებენ საქართველოსა და სხვა ქვეყნების პროგრესს.

გასულ წელს ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი ევროპული პერსპექტივა მიანიჭა და კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12-პუნქტიანი წინაპირობა დაუწესა.

XS
SM
MD
LG