Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კასპის მუნიციპალიტეტში პოლიციელსა და მის ოჯახის წევრებზე თავდასხმის საქმეზე დაკავებულებს ბრალი წარუდგინეს


საქართველოს გენერალური პროკურატურა
საქართველოს გენერალური პროკურატურა

შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლის და მისი ოჯახის წევრების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების საქმეზე, პროკურატურამ სამ პირს ბრალდება წარუდგინა.

პროკურატურის თანახმად, „შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიების ვერსიით, 16 ივლისს კასპი-მეტეხის საავტომობილო გზაზე ყოფნისას, ი.კ.-ს ავტომობილს საპირისპირო სავალ ზოლში მაღალი სისწრაფით მიმავალი მ.მ. შეეჯახა და ავტომანქანა დაუზიანა. მომხდარ ფაქტს ი.კ.-ს მეუღლე, შსს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი ლ.ტ. შეესწრო, რომელიც ასევე, ავტომანქანით მცირეწლოვან შვილთან და მშობლებთან ერთად აღნიშნულ გზაზე გადაადგილდებოდა.

ავტოსაგზაო შემთხვევას პოლიციის თანამშრომელსა და მ.მ.-ს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოჰყვა, რის შემდეგაც ინციდენტის ადგილზე მ.მ.-ს მეგობრები - ჯ.ც., ბ.ხ., ნ.ც. და გ.ფ. მივიდნენ. ხსენებულმა პირებმა პოლიციის თანამშრომელს, მისი 4 წლის შვილის თანდასწრებით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და დასახმარებლად მისული პოლიციელის მამაც სცემეს, მცირეწლოვანის თვალწინ ფიზიკურად გაუსწორდნენ პოლიციელის დედას და მეუღლეს.

ძალადობის აღკვეთის მიზნით, პოლიციელის დედამ სსიპ 112-ში დარეკვა სცადა, რა დროსაც ადგილზე მყოფმა ერთ-ერთმა პირმა მას მობილური ტელეფონი წაართვა.

გარდა ამისა, ჯ.ც. დაზარალებულისთვის სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის წართმევას ცდილობდა, რა დროსაც იარაღიდან გასროლა მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობის შედეგად, ეს უკანასკნელი ცეცხლსასროლ იარაღს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა და სხვა ბრალდებულებთან ერთად შემთხვევის ადგილიდან მიიმალა".

პროკურატურის განცხადებით, სამართალდამცველებმა სამი პირი 17 ივლისს დააკავეს, ასევე საქმეზე ნივთმტკიცების სახით ამოიღეს სამსახურებრივი-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღი და პოლიციელის დედის კუთვნილი მობილური ტელეფონი.

მ.მ.-ს და ბ.ხ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით წარედგინათ (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი ჯგუფურად, ორი ან მეტი პირის მიმართ), რაც სასჯელის სახედ და ზომად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო ჯ.ც.-ს ბრალდება წარედგინა 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი ჯგუფურად, ორი ან მეტი პირის მიმართ) და 237-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება ჩადენილი ძალადობით), რაც 9-დან 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით გორის რაიონულ სასამართლოს უკვე მიმართა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება გრძელდება დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების გამოვლენის მიზნით.

XS
SM
MD
LG