Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადმინისტრაციის განცხადებით, ალექსანდრე კრევოს უფლება არ აქვს, თითქოს პრეზიდენტის მოსაზრებებზე ჭორები გაავრცელოს


„ნაციონალური მოძრაობის" საგარეო ურთიერთობების სამსახურის უფროსის მოადგილე ალექსანდრე კრევო-ასათიანი
„ნაციონალური მოძრაობის" საგარეო ურთიერთობების სამსახურის უფროსის მოადგილე ალექსანდრე კრევო-ასათიანი

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის კომუნიკაციის სამსახური განცხადებით გამოეხმაურა თავისი ყოფილი თანამშრომლის, ალექსანდრე კრევო-ასათიანის ინტერვიუს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის დატოვებიდან დაახლოებით 7 თვეში, 18 ივლისს, იგი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საგარეო ურთიერთობების სამსახურის უფროსის მოადგილის პოზიციაზე დაინიშნა. ენმ-ის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა ალექსანდრე კრევო-ასათიანის წარდგენისას განაცხადა: „ის ამ თვეების განმავლობაში უდიდეს საქმიანობას სწევს, რომ საგარეო მიმართულებით ვიყოთ წარმოდგენილები ისე, როგორც ეკადრება „ნაციონალურ მოძრაობას".

ალექსანდრე კრევო-ასათიანმა „ტვ პირველთან" ინტერვიუში ილაპარაკა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის დამოკიდებულებაზე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის საკითხზე.

„როდესაც იყო საუბარი მიხეილ სააკაშვილზე, თვითონაც [სალომე ზურაბიშვილს] რამდენჯერმე აქვს ნათქვამი, რომ მთავრობა როგორც იქცევა მესამე პრეზიდენტის მიმართ, არის სირცხვილი და ზოგადად, ქვეყნის რეპუტაციისთვისაც არის ცუდი", - აღნიშნა მან.

შეკითხვაზე - გგონიათ, რომ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს? - ალექსანდრე კრევო-ასათიანი პასუხობს: „კი, იმიტომ რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება არის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი ჩვენი ევროინტეგრაციისთვის".

პრეზიდენტის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ალექსანდრე კრევოს არ აქვს უფლება და ლეგიტიმაცია, გაავრცელოს ჭორები პრეზიდენტის თითქოსდა პოზიციებსა და მოსაზრებებზე.

ამასთან, განცხადებაში ნათქვამია, რომ ალექსანდრე კრევო არასდროს იკავებდა საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის პოზიციას. განცხადების მიხედვით, ის 2018 წლის 24 დეკემბრიდან იყო სტაჟიორი, ხოლო 2019 წლის 1 აპრილიდან 2022 წლის 31 დეკემბრამდე შრომითი ხელშეკრულებით მუშაობდა პრეზიდენტის ადმინისტრაციის კომუნიკაციის სამსახურის სპეციალისტის პოზიციაზე.

„მისი საჯარო მოხელის პოზიციაზე დასაქმება არ მოხდა, რადგან ვერ წარმოადგინა უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი. 2023 წლიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციამ არ გააგრძელა მასთან შრომითი ხელშეკრულება, ამის ერთ-ერთი მიზეზი იყო მისი მხრიდან კოვიდრეგულაციების უხეში დარღვევა, რითაც საფრთხე შეუქმნა თანამშრომლების ჯანმრთელობას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ნათელია, რომ მას არ აქვს არც უფლება და არც ლეგიტიმაცია, გაავრცელოს ჭორები პრეზიდენტის თითქოსდა პოზიციებსა და მოსაზრებებზე.

ყველაზე გასაკვირი და ნამდილად სამწუხაროა, თუ რა სისწრაფით აღიქვა, აითვისა და გაითავისა უცხოეთში გაზრდილმა ახალგაზრდამ საქართველოს პოლიტიკური სივრცის ყველაზე მახინჯი და უღირსი თვისებები", - ნათქვამია ალექსანდრე კრევოს შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

განახლება

მოგვიანებით ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გამოეხმაურა ალექსანდრე კრევო-ასათიანის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რიგებში შესვლას.

„მივესალმები საქართველოს პატრიოტის ალექსანდრე კრევო-ასათიანის გამოსვლას ორბელიანის სასახლიდან და „ნაციონალური მოძრაობის" გუნდთან შეერთებას", - სააკაშვილის სიტყვები ფეისბუკზე, მის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

XS
SM
MD
LG