Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ომბუდსმენმა ლევან ბერძენიშვილთან დაკავშირებულ ყვარლის ინციდენტზე შს მინისტრს წერილი მისწერა 


საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი
საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი

სახალხო დამცველის აპარატის მოკვლევით დადგინდა, რომ 15 იანვარს ყვარელში ლევან ბერძენიშვილის ლექციის ჩაშლის დროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს არ შეუსრულებიათ თავიანთი პოზიტიური ვალდებულება, ხელი შეეწყოთ ბერძენიშვილის მხრიდან გამოხატვის თავისუფლებით სრულფასოვნად სარგებლობისთვის - წერია წერილში, რომელიც სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს, ასლი კი „ევროკლუბის“ ხელმძღვანელს, ნიკა გურინს გაუგზავნა.

წერილის მიხედვით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ყვარლის „ევროკლუბში“, სადაც ლევან ბერძენიშვილის ლექცია უნდა ჩატარებულიყო, საჭირო იყო სამართალდამცველთა მობილიზება წესრიგის დაცვისთვის.

როგორც სახალხო დამცველის წერილში ვკითხულობთ, ლევან ბერძენიშვილის მიერ ლექციის ჩატარება, რაც უნდა მიუღებელი ყოფილიყო მის მიერ დაფიქსირებული მოსაზრებები ცალკეული ჯგუფებისთვის, დაცული იყო გამოხატვის თავისუფლებით. ამასთან, როგორც ომბუდსმენი აღნიშნავს, არ იკვეთებოდა, რომ სალექციო თემატიკა ეწინააღმდეგებოდა მოქმედ კანონმდებლობას (მაგ. შეიცავდა ძალადობრივი ქმედებისკენ მოწოდებას), რაც გააჩენდა უფლებაში ჩარევის წინაპირობას.

თავად ლევან ბერძენიშვილმა სახალხო დამცველის წერილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში დადებითად შეაფასა, თუმცა დარწმუნებული არ არის, რომ შედეგს გამოიღებს.

„კარგია წერილი რომ მიუწერია, მაგრამ ეს რა შედეგს გამოიღებს, ვერ გეტყვით. ყვარლის პოლიციას რა უნდა უთხრას, რომ შენ იქ იყავი და ისე არ იქცეოდი, როგორც უნდა მოქცეულიყავიო? მაგათ, მგონი, სულ ფეხებზე ჰკიდიათ სახალხო დამცველი. მე ვწუხვარ ძალიან, რომ სახალხო დამცველს ჯერჯერობით არ აქვს იმდენი ავტორიტეტი, რომ მის წერილს რამე მნიშვნელობა ჰქონდეს, მაგრამ ვგულშემატკივრობ, მიუხედავად იმისა, რომ არ ვარ დარწმუნებული, ამას მიაღწევს. იქნებ რაღაცა გამოვიდეს. მისი მხრიდან ყველა შემთხვევაში ეს არის წინგადადგმული ნაბიჯი სწორი მიმართულებით“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ლევან ბერძენიშვილმა.

2023 წლის 15 იანვარს ყვარელში ლიტერატორ ლევან ბერძენიშვილს მოქალაქეთა ერთმა ჯგუფმა არ მისცა ილია ჭავჭავაძის შესახებ ლექციის წაკითხვის საშუალება. როგორც რადიო თავისუფლებას უთხრა ყვარელში „ევროკლუბის" დამფუძნებელმა ნიკა გურინმა, ლექციის დაწყებამდე 15 წუთით ადრე ოფისთან შენიშნა მისთვის უცნობი ადამიანების ჯგუფი, რომელმაც ბერძენიშვილს არ მისცა შენობაში შესვლის უფლება.

მოგვიანებით „კონსერვატიულმა მოძრაობამ" დაადასტურა, რომ ყვარელში მათმა მხარდამჭერებმა შეუშალეს ხელი ბერძენიშვილს ლექციის ჩატარებაში. 2022 წლის ზაფხულის დასაწყისში ლიტერატორი ლევან ბერძენიშვილი კრიტიკის სამიზნე გახდა იმისთვის, რომ მეფე ერეკლე მეორე გეორგიევსკის ტრაქტატის გამო გააკრიტიკა.

გავრცელდა პეტიცია, რომელზე ხელის მომწერნიც ითხოვდნენ, აეკრძალოს ლევან ბერძენიშვილს ლექციების ჩატარება სტუდენტებისთვის, თელავში ერეკლე მეორის მხარდასაჭერად საჯარო მოხელეების მონაწილეობით გაიმართა აქცია.

XS
SM
MD
LG