Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეხეთი აშშ-ს გადასცემს საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც ბრალად ედება ჟურნალისტის მკვლელობის მცდელობა


პოლად ომაროვი
პოლად ომაროვი

ჩეხეთის იუსტიციის მინისტრმა პაველ ბლაჟეკმა ხელი მოაწერა ორდერს, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს მოქალაქის, პოლად ომაროვის ჩეხეთის მხრიდან ექსტრადიციას ამერიკის შეერთებულ შტატებში. პოლად ომაროვი კრიმინალური ავტორიტეტია. მას ბრალი ედება აშშ-ში ირანული წარმოშობის ჟურნალისტის შეკვეთილი მკვლელობის მცდელობაში. წითელი ცირკულარით ძებნილი ომაროვი 2023 წლის იანვარში დააკავეს ჩეხმა სამართალდამცველებმა.

აშშ პოლად ომაროვს ორ თანამზრახველთან, რაფატ ამიროვთან და ხალიდ მეჰდიევთან, ერთად ეძებდა თეირანის მიერ მხარდაჭერილი, არშემდგარი, შეკვეთილი მკვლელობისთვის. 30 000$-ის სანაცვლოდ, მკვლელობის მიზანი იყო ნიუ-იორკში მცხოვრები ჟურნალისტისა და უფლებადამცველის, მასიჰ ალინეჯადის განადგურება. პოლად ომაროვი ძებნილი იყო ასევე ფულის გათეთრებისთვის.

"ყველა გარემოების გათვალისწინებით, სწორ გადაწყვეტილებად მიმაჩნია ომაროვის ექსტრადიცია ამერიკის შეერთებულ შტატებში და არა საქართველოში ან ყაზახეთში", - დაწერა დღეს, 18 ივლისს, ტვიტერზე ჩეხეთის იუსტიციის მინისტრმა.

ტვიტერზევე ჩეხეთის მთავრობასა და ამერიკელ სამართალდამცველებს მადლობა გადაუხადა თავად მასიჰ ალინეჯადმა.

"მალე ციხის გისოსებს მიღმა აღმოჩნდება ეს სამი კაცი, ვინც იდგა ამ ბოროტი შეთქმულების მიღმა. დანაშაულის დეტალები სასამართლოზე გახდება ცნობილი, მაგრამ დროა, გადაწყვეტილების მიმღებებმა თეირანში გადაიხადონ ფასი მათ მიერ ტერორისტული აქტების ორგანიზებისთვის. შეერთებულმა შტატებმა და ევროპის ქვეყნებმა სანქციები უნდა დააკისრონ ხომეინის რეჟიმს", - წერს ჟურნალისტი, რომლის მოკვლაც, ამერიკული მედიის ინფორმაციით, 2021 წელს იგეგმებოდა. ის აქტიურად აშუქებს ირანში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებსა და ანტისამთავრობო გამოსვლებს.

ჩეხური მედიის ინფორმაციით, პოლად ომაროვის ექსტრადიცია ამერიკის შეერთებულ შტატებში უახლოეს რამდენიმე დღეში მოხდება. ამერიკულ ციხეში იმყოფებიან მისი თანამზრახველობის ბრალდებით დაკავებული 43 წლის რაფატ ამიროვი და 24 წლის ხალიდ მეჰდიევი. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მათ 40 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

XS
SM
MD
LG