ყვარლის მუნიციპალიტეტში სტიქიას ებრძვიან. ძლიერმა წვიმამ, სეტყვამ და ქარმა ქალაქში პრობლემები შექმნა. დატბორილია საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და სარდაფები. მოგლეჯილია ხეები. ყვარელში მარჯანიშვილის ქუჩაზე ავტომობილებით მოძრაობა დროებით შეფერხებულია.
ადგილობრივების თქმით, დასეტყვილია ათობით ჰექტარი ვენახი და ერთწლიანი კულტურები (სიმინდი, მზესუმზირა, საზამთროს და ნესვის ბაღები). ძლიერმა ქარმა მოგლიჯა ელექტროგადამცემი ბოძები. დაზიანებულია სადენებიც. მოსახლეობის ნაწილს არ მიეწოდება ელექტროენერგია.
რადიო თავისუფლებას ყვარლის მერიაში განუცხადეს, რომ მერიის ყველა შესაბამისი სამსახური ქალაქის ქუჩებშია გასული და სტიქიისგან შექმნილი პრობლემების მოგვარებას ცდილობს. როგორც მერიაში ამბობენ, მიმდინარეობს გზების ხეებისგან გაწმენდა.
ადგილზე მუშაობენ საგანგებო სიტუაციების სამსახურის სამაშველო ჯგუფებიც.