Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეგის ქარდავა "ციხის ბუნტის საქმეზე" სააპელაციო სასამართლომაც გაამტყუნა


ფოტო არქივიდან: მეგის ქარდავა
ფოტო არქივიდან: მეგის ქარდავა

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-7 დაწესებულების ყოფილი დირექტორი მეგის ქარდავა სააპელაციო სასამართლომაც გაამტყუნა. ამით უცვლელი დარჩა საქალაქო სასამართლოში მიღებული განაჩენი.

ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე ინფორმაციას ავრცელებს საქართველოს პროკურატურის პრესსამსახური.

"დაწესებულების დირექტორმა მ.ქ.-მ, დეპარტამენტის თავმჯდომარემ, დეპარტამენტის მაღალჩინოსნებმა და სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრებმა, მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში მოთავსებულ რამდენიმე მსჯავრდებულს ღირსებისა და პატივის შელახვით მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. მსჯავრდებულების მიმართ ფიზიკური ძალადობა გაგრძელდა მათი დაწესებულების ეზოში გაყვანის შემდგომაც. ყველას დასანახად პატიმრების უმოწყალოდ ცემამ და მათი ამ ფორმით ბადრაგირებამ, სასჯელაღსრულების დაწესებულების ნორმალური ფუნქციონირების მოშლა, პატიმართა ბუნტი და საზოგადოების პროტესტი გამოიწვია", - აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.

მეგის ქარდავას წინააღმდეგ საქართველოში 11 საქმეა აღძრული, მათგან 5-ზე გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი, ხოლო 6 სისხლის სამართლის საქმე იხილება თბილისის საქალაქო სასამართლოში.

ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე პატიმართა მიმართ განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობისთვის მას ბრალი წაუყენეს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მესამე ნაწილით. მოსამართლემ მეგის ქარდავას "ამნისტიის შესახებ" საქართველოს კანონის გამოყენებით 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

XS
SM
MD
LG