რუსეთის არმიამ 16 ივლისის საღამოს მეორე დარტყმა მიაყენა ხარკოვს. დაშავებულია ოთხი პირი, ერთი დაიღუპა. „უკრაინსკაია პრავდა“ იმოწმებს ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს და ქალაქის მერს. მათ თანახმად, თავდასხმა მოხდა ოსნოვიანსკის რაიონში, სადაც გაჩნდა ხანძარი. რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის მეთაურმა ოლეჰ სინეჰუბოვმა ტელეგრამით განაცხადა, რომ თავდასხმის დროს 1999 წელს დაბადებული ერთი კაცი დაიღუპა.
სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ მოჰყავს უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის სიტყვები, რომ აღმოსავლეთ ფრონტზე ვითარება გაუარესდა. მალიარის თანახმად, რუსეთის ძალები ორი დღეა, შეტევაზე გადავიდნენ კუპიანსკის მიმართულებით: „თავდაცვაზე ვართ, სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს, მხარეთა პოზიცია დღეში რამდენჯერმე დინამიკურად იცვლება. ბახმუტის მიმართულებით თანდათან წინ მივდივართ. ბახმუტის ირგვლივ სამხრეთ ფლანგზე ყოველდღიური წინსვლაა“, - იტყობინება მალიანი, რომელიც დასძენს, რომ ჩრდილოეთის ფლანგზე უკრაინის ძალები ცდილობენ პოზიციების შენარჩუნებას.
მისივე თქმით, რუსული ძალები ავდეევკისა და მარინკის მიმართულებებით უტევენ, მაგრამ ფრონტის ხაზი არ იცვლება.
უკრაინის გენერალური შტაბის ცნობით, საღამოს ექვსი საათისთვის რუსეთის ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე განახორციელეს 6 სარაკეტო იერიში, 38 საჰაერო თავდასხმა და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებით 30-ჯერ დაუშინეს ცეცხლი უკრაინის ძალების პოზიციებს და დასახლებულ პუნქტებს.