Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კირთაძეს კინოცენტრთან თანამშრომლობა კოლეგების სოლიდარობის ნიშნად არ შეუწყვეტია - კინოცენტრი


ნინო კირთაძე
ნინო კირთაძე

საქართველოს ეროვნული კინოცენტრი ეხმაურება 15 ივლისს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, საფრანგეთში მცხოვრები რეჟისორი ნინო კირთაძე საქართველოს კინოცენტრთან თანამშრომლობას წყვეტს, ამ სფეროში დასაქმებული პირების პროტესტის ფონზე.

15 ივლისს გავრცელებული ინფორმაციის თანახმადვე, ნინო კირთაძემ ასევე დატოვა საქართველოს წარმომადგენლის პოზიცია ფონდ „ევრიმაჟში“ და „ევროპულ კინო პრომოუშენში“.

ეროვნული კინოცენტრის განცხადების მიხედვით, რომელიც 16 ივლისს გამოქვეყნდა ცენტრის ფეისბუკის გვერდზე, ნინო კირთაძემ კინოცენტრთან თანამშრომლობა შეწყვიტა არა კოლეგებისადმი სოლიდარობის ნიშნად, არამედ მას შემდეგ, რაც შეიტყო, რომ „იგეგმებოდა მისი სამუშაო პოზიციის შტატად გადაკეთება და ეს მის თუნდაც დროებით გათავისუფლებას გამოიწვევდა“.

განცხადების თანახმად, ნინო კირთაძე კინოცენტრში შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მუშაობდა საერთაშორისო პროექტების მენეჯერად:

„11 ივლისს, მას ეროვნული კინოცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ტელეფონით დაუკავშირდა და აცნობა, რომ რეორგანიზაციის პროცესში, იგეგმებოდა ხსენებული შტატგარეშე პოზიციის გაუქმება და მისი გადატანა საშტატო ერთეულად, რადგანაც ამ მიმართულების შემდგომი გაძლიერება იგეგმებოდა. ახალშექმნილ საშტატო პოზიციაზე კი გამოცხადდებოდა ღია კონკურსი, რომელშიც მასაც შეეძლებოდა მონაწილეობა.

აღნიშნულ რეალობასთან დაკავშირებით, სხვადასხვა მედიასაშუალებაში ვრცელდება ინფორმაცია, თითქოსდა ქალბატონმა ნინო კირთაძემ ეროვნულ კინოცენტრთან თანამშრომლობის შეწყვეტა დემარშის სახით, მისი ზოგიერთი კოლეგისადმი სოლიდარობის ნიშნად გადაწყვიტა.

ამის საპირისპიროდ, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ქალბატონმა ნინომ ეროვნულ კინოცენტრში მიმდინარე რეორგანიზაციის გაპროტესტება რეორგანიზაციის ერთთვიანი პერიოდის დასრულების ბოლო დღეს, მხოლოდ მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც შეიტყო, რომ იგეგმებოდა მისი სამუშაო პოზიციის შტატად გადაკეთება და ეს მის თუნდაც დროებით გათავისუფლებას გამოიწვევდა. სავარაუდოდ, მისთვის მიუღებელი აღმოჩნდა ღია კონკურსის წესიც, რადგან თავად „ევრიმაჟში“ საქართველოს წარმომადგენლის პოზიციაზე უკონკურსოდ, ბატონი გაგა ჩხეიძის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით იქნა დანიშნული“, - ნათქვამია განცხადებაში.

კინოცენტრში ახალი ხელმძღვანელების დანიშვნისა და გამოცხადებული რეორგანიზაციის ფონზე, ქართველი კინემატოგრაფისტები შიშობენ, რომ ცენტრი დამოუკიდებლობას კარგავს.

თითქმის ერთი თვეა, კინოცენტრის თანამშრომლები კულტურის სამინისტროსთან აქციებს მართავენ.

ცოტა ხნის წინ, კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა ცენტრის ხელმძღვანელად დანაშაულის პრევენციისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოსა და აღსრულების ეროვნული ბიუროს ყოფილი თანამშრომელი კობა ხუბუნაია დანიშნა და სამსახურიდან მოულოდნელად დაითხოვა ყოფილი დირექტორის მოადგილე ნინო კუხალაშვილი. კინოს სფეროს მოღვაწეები შიშობენ, რომ კინოცენტრის, ამ სფეროს მნიშვნელოვანი საყრდენის, დამოუკიდებლობას ბოლო მოეღო, ამიერიდან კინოს დაფინანსებაში სახელმწიფო პირდაპირ ჩაერევა და, მეტიც, ცენზურას დაუწესებს მისთვის მიუღებელ ფილმებს.

XS
SM
MD
LG