Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ძალიან ცუდად ვიყავი. ახლა თავს უკეთ ვგრძნობ. სცენას მალე დავუბრუნდები“ - ანიტა რაჭველიშვილი


ანიტა რაჭველიშვილი, ქართველი მეცოსოპრანო
ანიტა რაჭველიშვილი, ქართველი მეცოსოპრანო

ქართველი მეცოსოპრანო ანიტა რაჭველიშვილი სცენას, სავარაუდოდ, აგვისტოში ბუენოს-აირესში, კოლონის თეატრში დაუბრუნდება. ინფორმაციას ამის შესახებ პორტალი OperaWire ავრცელებს.

რამდენიმეხნიანი პაუზის შემდეგ, სოციალურ ქსელში პირველ პოსტს აქვეყნებს ანიტა რაჭველიშვილი, რომელიც ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე წერს, მადლობას უხდის ექიმებს, ოჯახს, მეგობრებსა და კოლეგებს და ამბობს, რომ სცენას უახლოეს მომავალში დაუბრუნდება:

„ძალიან ცუდად ვიყავი. ურთულესი ორი წელი მქონდა. ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა სულ უფრო და უფრო მძიმდებოდა. ვცდილობდი ვყოფილიყავი ძლიერი ჩემი ოჯახის, ჩემი პატარა ანგელოზის, ოპერისა და იმ საქმის გამო, რისი კეთებაც მიყვარს... ივნისის დასაწყისში მომიწია შევჩერებულიყავი და მიმეხედა საკუთარი თავისთვის. ძალიან ვწუხვარ, ეს ურთულესი გადაწყვეტილება იყო. ახლა თავს უკეთ ვგრძნობ. საუკეთესო ექიმების გუნდმა მიმკურნალა და ძალიან მალე დავბრუნდები. როგორც კი შესაძლებლობა მექნება, გიამბობთ ჩემს ამბავს და ბევრს ვილაპარაკებთ ყველა იმ პრობლემაზე, რომელიც ქალს შეიძლება გაუჩნდეს“, - წერს ანიტა რაჭველიშვილი სოციალურ ქსელში.

უკანასკნელ თვეებში, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, ანიტა რაჭველიშვილს არაერთი წარმოდგენის გამოტოვება მოუწია.

ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში გაავრცელა ინფორმაცია Mezzo-მ, რომ ჯანმრთელობის პრობლემების გამო, ვერდის „აიდაში" ამნერისის პარტიას ანიტა რაჭველიშვილის ნაცვლად ოლესია პეტროვა შეასრულებდა.

ქართველი მეცოსოპრანო ვერ წარდგა მსმენელის წინაშე ვერც 6 ივლისს, ვერონას ოპერის თეატრში. ჯანმრთელობის პრობლემების გამო მან ვერ მიიღო მონაწილეობა ვერც ექს-ან-პროვანსის საოპერო ფესტივალში, რომელიც საფრანგეთში, ქალაქ ექს-ან-პროვანსში, ყოველ ზაფხულს იმართება.

XS
SM
MD
LG