Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხრეთ კორეის პირველმა ლედიმ უკრაინელი ბავშვები მოინახულა


სამხრეთ კორეის პრეზიდენტი და პირველი ლედი უკრაინაში
სამხრეთ კორეის პრეზიდენტი და პირველი ლედი უკრაინაში

15 ივლისს უკრაინის ბავშვთა დაცვის ცენტრში უკრაინელ მოზარდებს შეხვდნენ უკრაინის პირველი ლედი ელენა ზელენსკაია და სამხრეთ კორეის პირველი ლედი კიმ კონ ჰი.

როგორც უკრაინის სახალხო დამცველი დმიტრო ლუბინეცი წერს საკუთარ ტელეგრამ-არხზე, ცენტრში მისულ სტუმრებს მან მიაწოდა ინფორმაცია რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში ბავშვთა უფლებების დარღვევისა და ასევე ომის შედეგად დაღუპული და დაშავებული ბავშვების შესახებ.

დმიტრო ლუბინეცის თქმით, ამ ხნის განმავლობაში, უკრაინამ რუსეთში დეპორტირებული მხოლოდ 383 ბავშვის დაბრუნება მოახერხა. ის ამბობს, რომ რუსეთის ფედერაცია უკრაინას არ აწვდის ინფორმაციას დეპორტირებული ბავშვების შესახებ და არ არის დაინტერესებული ოჯახების გაერთიანებით:

„სტუმრებმა გაიცნეს რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული ტერიტორიიდან ცოტა ხნის წინ დაბრუნებული პატარა დები. უკრაინის ხალხის სახელით მადლობა მინდა გადავუხადო სამხრეთ კორეას იმ ფასდაუდებელი მხარდაჭერისთვის, რასაც ისინი უკრაინის მიმართ გამოხატავენ“.

27 აპრილს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) მიიღო რეზოლუცია, რომლის თანახმად, რუსეთის მიერ უკრაინელი ბავშვების დეპორტაცია გენოციდთანაა გათანაბრებული.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, კიევისთვის ცნობილია რუსეთის რეგიონებში ძალით წაყვანილი 20 ათასამდე უკრაინელი ბავშვის მონაცემები, თუმცა რეალურად მათი რიცხვი გაცილებით მეტია. მათი ნაწილი მშობლებს დააშორეს, ნაწილი კი უკრაინის ბავშვთა სახლებიდან გაიტაცეს და რუსეთში გააშვილეს.

15 ივლისს სამხრეთ კორეის პრეზიდენტი იუნ სოკ ელი დაუგეგმავი ვიზიტით ჩავიდა უკრაინაში.

სამხრეთმა კორეამ, რომელიც მსოფლიოში მეათე ადგილზეა იარაღის ექსპორტის მხრივ, ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნა უკრაინას და ტანკები და ჰაუბიცები მიჰყიდა პოლონეთს, რომელიც უკრაინის საკვანძო მოკავშირეა რუსეთთან ომში.

ახლახან გავრცელდა ცნობა, რომ სეული კიევს განაღმვის აღჭურვილობას მიაწვდის. სამხრეთი კორეა, ამასთან, ნატოს ფონდის მონაწილეა, რომელიც უკრაინას უწევს მხარდაჭერას.

მასპინძელთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ, იუნ სოკ ელი უკრაინას დაჰპირდა, რომ ჰუმანიტარული და არასასიკვდილო სამხედრო დახმარების „მასშტაბებს გააფართოებს“.

XS
SM
MD
LG