რუსეთი თუ დაამარცხა უკრაინამ, მაშინ ნატოს წევრობა რაღა საჭიროა?! - ამბობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ნატოს ვილნიუსის სამიტის შედეგების კომენტირებისას.
„იცით, რომ თავიდან [ქართულმა ოპოზიციურმა ტელევიზიებმა] სურათი წარმოაჩინეს, თითქოს რაღაც სასწაული მოხდა ნატოს სამიტზე და უკრაინამ დეოკუპაციაც მოახდინა უკვე, გაიმარჯვა, სასწაული მოხდა და საქართველო ამ ყველაფრის მიღმა აღმოჩნდა. რა მოხდა, რეალურად რომ ვთქვათ, კითხვა დავსვათ. გარდა იმისა, რომ თქვეს, MAP-ი აღარ დასჭირდება, ჩვენ პირდაპირი განცხადებები მოვისმინეთ, რომ უკრაინა ვერ გახდება ნატოს წევრი იქამდე, ვიდრე რუსეთს არ დაამარცხებს. რუსეთი თუ დაამარცხა უკრაინამ, მაშინ ნატოს წევრობა რაღა საჭიროა?! აქედან დავიწყოთ. ნატო არის უსაფრთხოების გარანტი, მთავარი, ვინც შეიძლება, რომ უსაფრთხოების გარანტია მისცეს რომელიმე სუვერენულ, დამოუკიდებელ სახელმწიფოს, არის ნატო. სხვა, უკეთესი მსოფლიოში დღეს არ არსებობს ქოლგა ორგანიზაცია. ჩვენ ამიტომ მივისწრაფვით, რომ გავხდეთ ნატოს წევრი ქვეყანა“, - თქვა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველომ უნდა იფიქროს საკუთარ თავზე და ამიტომაც აქვს ხელისუფლებას „სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა“, რომ „ზედმეტი მოლოდინები არ უნდა შევქმნათ“.
„თანმიმდევრულად უნდა მივყვეთ ჩვენს საერთო-ეროვნულ მიზანს, რომ ეტაპობრივად დაუახლოვდეს ჩვენი ქვეყანა ევროკავშირს, ნატოს და, საბოლოო ჯამში, გახდეს სწორ დროს, როცა ამის დრო იქნება, ევროკავშირისა და ნატოს წევრი. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა“, - თქვა მან.
ღარიბაშვილი არ იღებს კრიტიკას ვილნიუსის სამიტზე არასათანადო აქტიურობის შესახებ და ამბობს, რომ საქართველო სამიტზე ღირსეულად წარმოჩინდა.
„თვითონ უკრაინა, თქვენ თუ მიაქციეთ ყურადღება, არ იყო მიწვეული იმ მთავარ პანელსა და სამიტზე, ვახშამზე იქნა მიწვეული. გეტყვით ასევე, ჩემთანაც იყო გარკვეული შემოთავაზება, საუბარი იყო ვახშამზე. საბოლოო ჯამში, გადავწყვიტეთ ასე, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის დონეზე წარმოჩინდა ქვეყანა. ამით არაფერი დაუკარგავს ჩვენს ქვეყანას. ეს ზედმეტი ალიაქოთი, ზედმეტი ხმაური არის აბსოლუტურად უსარგებლო, არაფრის მომცემი. ხაზგასმით, ცალსახად, ერთმნიშვნელოვნად მინდა განვაცხადო, რომ ეს არის აბსოლუტურად უსაფუძვლო საუბრები და უსაფუძვლო სპეკულაციები“, - თქვა პრემიერმა.
ნატოს წევრი სახელმწიფოების ლიდერები ვილნიუსის სამიტის დასკვნით კომუნიკეში აღნიშნავენ, რომ ადასტურებენ 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას - საქართველო ალიანსის წევრი გახდება გაწევრიანების სამოქმედო გეგმით (MAP). ვილნიუსის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებით, MAP-ი აღარ დასჭირდება უკრაინას.