Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინმა სატელეფონო საუბარი გამართა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, სამშვიდობო გეგმისა და მარცვლეულის შეთანხმების გარშემო


სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტი, სირილ რამაპოსა და რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი. სოჭი. 23 ოქტომბერი, 2019 წელი
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტი, სირილ რამაპოსა და რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი. სოჭი. 23 ოქტომბერი, 2019 წელი

Reuters-ის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა სატელეფონო საუბარი გამართა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, სირილ რამაპოსასთან. ორმა პრეზიდენტმა განიხილა შავი ზღვის გზით მარცვლეულის გატანის შესახებ საერთაშორისო შეთანხმება და აფრიკის სამშვიდობო ინიციატივა.

ამის თაობაზე Reuters-ის სააგენტო იმოწმებს კრემლის განცხადებას, რომელიც 15 ივლისს გავრცელდა.

მარცვლეულის შეთანხმების შესახებ, რომელსაც მოქმედების ვადა გასდის 17 ივლისს, პუტინმა თანამოსაუბრეს განუცხადა, რომ რუსეთის მიერ სურსათის და სასუქის ექსპორტის დაბრკოლებების გაუქმების შესახებ დაპირება შესრულებული არ არის, იტყობინება კრემლი.

შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების გაგრძელებისთვის გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა ვლადიმირ პუტინს, რუსეთის სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო ბანკის (Россельхозбанк) შვილობილი კომპანიის SWIFT-ის სისტემასთან კავშირის აღდგენა შესთავაზა. ამის შესახებ ინფორმაცია Reuters-მა გაავრცელა.

ევროკავშირმა რუსეთის სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო ბანკს SWIFT-ის სისტემასთან კავშირი 2022 წლის ივნისში შეუწყვიტა, რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების გამო დაწესებული სანქციების ფარგლებში. Россельхозбанк-ის SWIFT-თან ხელახალი დაკავშირება მარცვლეულის შეთანხმების გაგრძელებისთვის რუსეთის მთავარ მოთხოვნებს შორის ერთ-ერთია.

შარშან ივლისში რუსეთმა და უკრაინამ თურქეთისა და გაეროს მონაწილეობით მოაწერეს ხელი შეთანხმებას უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შავი ზღვის ნავსადგურებიდან, რომლებიც დაბლოკილია უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყების შემდეგ. უპირველეს ყოვლისა, საუბარი იყო განვითარებად ქვეყნებში მარცვლეულის მიწოდებაზე.

მას შემდეგ გარიგება რამდენჯერმე გახანგრძლივდა. მაისში, როდესაც მოსკოვი დათანხმდა ხელშეკრულების კიდევ ორი თვით გაგრძელებას, რუსეთის ხელისუფლებამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეთანხმება შეიძლება შეწყდეს, თუ რუსული მარცვლეულისა და სასუქების ექსპორტისთვის დაბრკოლებები არ მოიხსნება.

ივნისის დამდეგს უკრაინამ რუსეთი მარცვლეულის ინიციატივის ახალ შეჩერებაში დაადანაშაულა. კიევი ამტკიცებდა, რომ რუსულმა მხარემ დაბლოკა გემების რეგისტრაცია უკრაინის ყველა პორტში და ამ ქმედებებს შეთანხმებების „უხეში დარღვევა“ უწოდა.

XS
SM
MD
LG