Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საგარეჯოში ჟურნალისტებზე ძალადობისთვის დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა


თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ვერიკო ზათიაშვილმა სამი ტელეკომპანიის ჟურნალისტებზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულს, საგარეჯოს „დასუფთავების სამსახურის“ თანამშრომელ მამუკა შაქარაშვილს პატიმრობა შეუფარდა.

შაქარაშვილის პატიმრობის მოთხოვნით, სასამართლოს ბრალდების მხარემ მიმართა. სასამართლო პროცესზე, პროკურორი ალექსანდრე ჩხეიძე ამტკიცებდა, რომ დაკავებული ძალადობისკენ მიდრეკილი პირია და არსებობდა საშიშროება, რომ ის ჟურნალისტებს ხელახლა გაუსწორდებოდა.

„საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ბრალდებულისთვის ზოგადად ჟურნალისტების საქმიანობა არის მიუღებელი. აღნიშნული დღეს დაადასტურა ბრალდებულმა, როცა თქვა, რომ თავად ჟურნალისტებმა გამოიწვიეს და მოახდინეს მისი პროვოცირება - სწორედ ამიტომ იძალადა. მსგავსი რამ მომავალშიც რომ არ განმეორებულიყო, ჩვენ მოვითხოვეთ პატიმრობა. გამოძიება გრძელდება, კიდევ არიან გამოსაკითხი მოწმეები, შესაძლოა საჭირო გახდეს ექსპერტიზები. არ არის გამორიცხული, მას ბრალდება გადაუკვალიფიცირდეს უფრო მძიმე დანაშაულისთვის“, - უთხრა ჟურნალისტებს პროკურორმა ალექსანდრე ჩხეიძემ.

ბრალდებულს ადვოკატი არ ჰყავდა. სასამართლოს თავად მიმართა და აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვება ითხოვა.

„მე რატომ უნდა დავესხა ჟურნალისტებს თავს, თუ თვითონ არ გამხადეს იძულებული? მაშინაც თვითონ გამხადეს იძულებული, ასე მოვქცეულიყავი“, - თქვა მამუკა შაქარაშვილმა სასამართლო სხდომაზე.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სასამართლოს განჩინების საფუძველზე მამუკა შაქარაშვილი 14 ივლისს დააკავა. ის საგარეჯოს „დასუფთავების სამსახურის“ თანამშრომელია.

6 ივლისს საგარეჯოში „ნაციონალურ მოძრაობასა“ და ჟურნალისტებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ პირები, რომლებიც თავს „დავითგარეჯის მცველებს“ უწოდებდნენ, მათ შორის იყო შაქარაშვილიც.

ისინი ჟურნალისტების და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მისამართით ისროდნენ ქვებსა და წყლით სავსე მინის ბოთლებს. განსაკუთრებული აგრესიულობით გამოირჩეოდნენ ტელეოპერატორების მიმართ და მათგან გადაღების შეწყვეტას მოითხოვდნენ.

ინციდენტის დროს ქვები მოხვდათ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ კახეთის რეგიონულ ჟურნალისტს, ია გულიაშვილს და ტელეკომპანია „ფორმულის“ ოპერატორს, სულხან ჭკადუას. „ფორმულის” მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში ჩანს, რომ ქვები ესროლეს ამავე არხის ჟურნალისტს, გიორგი კვიჟინაძესაც. დაზიანდა ტელეკომპანიების, „მთავარი არხის“, „რუსთავი 2“-ისა და „ფორმულის“ ტექნიკა.

საგარეჯოში „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის, გარი ბუხნიკაშვილის განცხადებით, დაპირისპირებაში მონაწილეობდნენ მმართველი პარტია „ქართული ოცნების" წევრებიც საკრებულოდან.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლასა და ძალადობას გულისხმობს.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 1 სექტემბერს გაიმართება.

XS
SM
MD
LG