თბილისში, საფრანგეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საფრანგეთს მადლობა გადაუხადა. პრემიერმა განსაკუთრებით გამოყო 2008 წელი.
„ჩვენი ისტორიის საკვანძო მომენტებში, მათ შორის, ყველაზე მტკივნეულ მომენტებში, საფრანგეთი ყოველთვის იყო ქართველი ხალხის გვერდით. ნება მომეცით კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩვენი გულწრფელი მადლიერება ფრანგი ერისადმი იმ გადამწყვეტი როლისთვის, რომელიც საფრანგეთმა ითამაშა 2008 წლის ომის დროს.
საქართველო აფასებს საფრანგეთის მხარდაჭერას ჩვენი ქვეყნის ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაციის შეუქცევად პროცესში. საქართველოს სრული ინტეგრაცია ევროკავშირსა და NATO-ში არის ქართველი ხალხის არჩევანი, ისტორიული შესაძლებლობა, რომ საქართველო საბოლოოდ გახდეს იმ საზოგადოების ნაწილი, რომლის ღირებულებებს და მსოფლიო ხედვას იზიარებს", - თქვა პრემიერ-მინისტრმა. მან გამოსვლა ამ სიტყვებით დაასრულა „გაუმარჯოს საფრანგეთს! გაუმარჯოს საქართველოს!"
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს შუამავალი იყო იმ დროისთვის ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი. 2008 წლის 12 აგვისტოს სარკოზიმ და რუსეთის პრეზიდენტმა, დმიტრი მედვედევმა მოსკოვში მოაწერეს ხელი საქართველოში საბრძოლო მოქმედებების დასრულების 6-პუნქტიან შეთანხმებას. ამ დოკუმენტის პირობებს რუსეთი დღემდე არღვევს და უარს ამბობს ომამდელ პოზიციებზე დააბრუნოს საკუთარი სამხედროები.