Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იაპონიაში საქართველოს ელჩის მანქანას ინციდენტი შეემთხვა


საქართველოს ელჩი იაპონიაში, თეიმურაზ ლეჟავა.
საქართველოს ელჩი იაპონიაში, თეიმურაზ ლეჟავა.

ტოკიოს პოლიცია იძიებს შესაძლო თავდასხმას იაპონიაში საქართველოს ელჩის, თეიმურაზ ლეჟავას მანქანის მძღოლზე.

მედიაში გავრცელებული ცნობებით, ელჩის მძღოლმა პოლიციაში დარეკა პარასკევს, დაახლოებით შუადღისას, და პოლიციას შეატყობინა, რომ საელჩოსთან ახლოს მას მამაკაცი საყელოში სწვდა. პოლიცია და საელჩო ავრცელებენ მძღოლის სიტყვებს, რომ კაცმა თავისი მანქანა ელჩის მანქანის წინ გააჩერა და კარი მძღოლის მხარეს გააღო.

ელჩის, თეიმურაზ ლეჟავას ტვიტერის არხზე გამოქვეყნდა ჩანაწერი, რომელზეც ჩანს, რომ მამაკაცი ხელს ყოფს ელჩის მანქანაში.

ინციდენტის შედეგად არც ელჩი და არც მძღოლი არ დაშავებულან.

პოლიცია ვარაუდობს, რომ საქმე ეხება საგზაო უთანხმოებას ორი მანქანის მძღოლებს შორის. მეტი ინფორმაციის მოსაპოვებლად პოლიცია მამაკაცს გამოკითხვას უტარებს.

პარასკევს, 14 ივლისს ჟურნალისტებთან საუბრისას ელჩმა თქვა, რომ კაცი მძღოლს უხეშად სწვდა და შემდეგ ხელით მისი მიმართულებითაც გამოიწია, მაშინ, როცა ელჩი ინციდენტის ვიდეოს იღებდა.

ლეჟავას თქმით, მამაკაცი ყვიროდა "რომელი ქვეყნიდან ხართ?" - შესაბამისად, მან, სავარაუდოდ, იცოდა, რომ საქმე ჰქონდა დიპლომატიური მისიის წარმომადგენლებთან.

ელჩი ამბობს, რომ არ იცის ეს იყო თუ არა მასზე მიზანმიმართული თავდასხმა და დასძენს, რომ ძალადობის მოთმენა არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება.

ელჩი დასძენს, რომ ურთიერთპატივისცემა უმნიშვნელოვანესი ფაქტორია საერთაშორისო თანამეგობრობისთვის.

XS
SM
MD
LG