ასე მოხდა დისკუსიის მორიგ, 58-ე რაუნდზეც. მოლაპარაკების დასრულების შემდეგ მხარეებმა გაავრცელეს განცხადებები საკუთარი მოთხოვნებით და ურთიერთბრალდებებით.
რას ითხოვს ქართული მხარე ჟენევაში?
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, რუსეთის დელეგაციამ მოლაპარაკებები დროზე ადრე დატოვა და ვერ მოეწყო დისკუსია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი საქართველოს მოქალაქეების შინ უპირობო დაბრუნების საკითხზე.
„რუსეთისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლების დესტრუქციული პოზიციის გამო, დისკუსია კვლავ ვერ შედგა მოლაპარაკებების დღის წესრიგის ერთ-ერთ უმთავრეს საკითხზე - ოკუპირებული ტერიტორიებიდან ეთნიკური წმენდის შედეგად გამოდევნილი იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებაზე. საკითხის განხილვის დაწყებისთანავე მონაწილეებმა მოსკოვიდან, სოხუმიდან და ცხინვალიდან თემის პოლიტიზირება მოახდინეს და მოლაპარაკებები დატოვეს“, - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ამავე განცხადების მიხედვით, მოლაპარაკებების ფარგლებში ქართულმა დელეგაციამ ძირითადი აქცენტი გააკეთა რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების სრულად შესრულების აუცილებლობაზე, ასევე მწვავე ჰუმანიტარულ და უსაფრთხოების პრობლემებზე, „რომლებიც რუსეთის ოკუპაციიდან მომდინარეობს, როგორიცაა უკანონო სამხედრო წვრთნები, საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვა, უკანონო დაკავებები და გატაცებები, ადამიანის უფლებების დარღვევები და ქართველთა ეთნიკური დისკრიმინაცია. ხაზი გაესვა მათი გადაჭრის აუცილებლობას“.
რუსეთის ფედერაციის პოზიცია
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, შეხვედრაზე თბილისის, სოხუმისა და ცხინვალის მხრიდან ძალის გამოუყენებლობის შეთანხმების ხელმოწერის აუცილებლობის საკითხი დაისვა.
„ამგვარი დოკუმენტის აქტუალობა განსაკუთრებით იზრდება ამიერკავკასიაში აშშ-ისა და ნატოს სამხედრო წვრთნის აქტივობისა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს გაწევრიანების ფონზე, რომელიც ძალაში რჩება“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
რას მოითხოვენ მოლაპარაკების პროცესში ჩართული აფხაზური მხარის მონაწილეები?
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 58-ე რაუნდზე ქართულმა მხარემ უარი განაცხადა ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების გაფორმებაზე. აფხაზური მხარის ცნობითვე, შეხვედრაზე ჰუმანიტარული საკითხები დააყენეს.
„მათ შორის, აფხაზეთის მხარემ მორიგ ჯერზე წამოჭრა აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეთა თავისუფალი გადაადგილების პრობლემა“.
დღეს არსებული მდგომარეობით, ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებლებს საზღვარგარეთ გადაადგილება რუსეთის მოქალაქის პასპორტით შეუძლიათ. საქართველო მათ ასევე სთავაზობს საქართველოს მოქალაქის პასპორტს.
აფხაზური მხარის განცხადებით, ქართული მხარისგან უპასუხოდ დარჩა გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში (IPRM) შეხვედრების განახლების აუცილებლობის საკითხი.
ცხინვალის მონაწილეების პროპაგანდისტული განცხადება
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, „შეხვედრის ატმოსფეროზე უარყოფითად აისახა საქართველოში განგრძობადი ანტირუსული კამპანია, რომელსაც თან სდევს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მიმართ აგრესიული რიტორიკა. თუმცა ქართველი მონაწილეების მცდელობა, ჟენევის პლატფორმაზე გადმოეტანათ თბილისის ქუჩებში არსებული მიტინგების განწყობა, წარუმატებლად დასრულდა“, - ნათქვამია ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
მასში ასევე წერია, რომ აუცილებელია ძალის გამოუყენებლობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმება, რაც „სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რესპუბლიკების უსაფრთხოების გარანტი იქნებოდა“, - ნათქვამია განცხადებაში.
ექსპერტები: მოლაპარაკებების შეწყვეტას, ჩიხში დგომა სჯობს
ჟენევის მოლაპარაკებების ჩიხური მდგომარეობის შესახებ საუბრისას კონფლიქტოლოგი ზურაბ ბენდიანიშვილი, ამბობს, რომ ამ მდგომარეობიდან გამოსავალი შესაძლოა გლობალურმა გეოპოლიტიკურმა მოვლენებმა დააჩქაროს, რაც უკავშირდება რუსეთ-უკრაინის ომს. სხვა შემთხვევაში, ბენდიანიშვილის აზრით, ჟენევის დისკუსიის უძრაობა კიდევ დიდხანს გაგრძელდება.
„იმდენად განსხვავებულია ეს ინტერესები, რომ აქ რაიმე პროცესების წინსვლა წარმოუდგენელია, რადგან ჟენევის პროცესში პოლიტიკური საკითხები განიხილება, მათ შორის 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების შესრულება, რომლის მიხედვით რუსეთმა ჯარი ომამდე არსებულ პოზიციებზე უნდა გაიყვანოს. ასევე დევნილთა დაბრუნება, სტატუსის საკითხი და ასე შემდეგ. ეს საკითხები ჩიხშია შესული, წინსვლა ამ ეტაპზე მოსალოდნელი არ არის. ცვლილებები გეოპოლიტიკურ სივრცეში ავტომატურად აისახება იმ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც ჟენევის ფარგლებში იქნება მიღებული, შესაბამისად, ძალიან ბევრი რამეა ახლა დამოკიდებული უკრაინის ომის დასრულებაზე. მნიშვნელოვანია, როგორ გამოვა რუსეთი, უკრაინა და დასავლეთი ამ ომიდან. თუ რეგიონისთვის და საქართველოსთვის სასიკეთოდ დასრულდება ეს პროცესები, პირდაპირ აისახება ჟენევაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ამ სადისკუსიო სივრცეში რაიმე გარღვევა არც მომავალში იქნება მოსალოდნელი“.
მოლაპარაკების შეწყვეტას, ისევ ჩიხში დგომა სჯობს - ასე ფიქრობს კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი. მისი აზრით, მიუხედავად დისკუსიის არაეფექტიანობისა, ჟენევის დისკუსიას მოჰყვა ერგნეთის და გალის ინციდენტების პრევენციის ფორმატები, სადაც ტექნიკური საკითხები მეტ-ნაკლებად იჭრება.
„ჟენევას მე ვუყურებ როგორც სარკეს, სადაც ჩანს სად ვართ ჩვენ, ვჩანვართ ვინ ვართ და რა ვართ. თუ ეს სარკე გავანადგურეთ, ვეღარ გავიგებთ სად ვართ, როგორ ვართ, რა ხდება. ეს ერთი, და მეორე, თუ სადმე შეიძლება პროგრესი მივიღოთ, ეს შეიძლება იყოს მხოლოდ ჟენევაში, სხვაგან არსად. მე არ ვთვლი, რომ ჟენევა უნდა გაჩერდეს და მას აზრი არა აქვს. ჟენევას აზრი აქვს თუნდაც მის ჩიხურ მდგომარეობაში, და მესამე - მთავარია ყველაზე მეტად ახლა მიმდინარე პროცესები მსოფლიოში. რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ. როგორც ჩანს, წლის ბოლოსთვის მკაფიოდ გამოიკვეთება საბოლოო კონტურები ამ კონფლიქტის შეიარაღებული ფაზის დასრულებასთან დაკავშირებით და მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ რუსეთი შედეგებს ვერ მიაღწევს და დასავლეთი მის წინააღმდეგ განაგრძობს ეკონომიკურ სანქციებს. მე იმედი მაქვს რომ ამ კონტექსტში რუსეთის პოზიციები შესუსტდება ჟენევაშიც და, წესით, საქართველომ ეს უნდა გამოიყენოს, თუ ჭკუა აქვთ, მაგრამ, სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლების ქცევები მაკვირვებს ხოლმე“.
ზაქარეიშვილი იმასაც ამბობს, რომ საქართველოს პოზიციების გაძლიერება დამოკიდებულია უკრაინის გამარჯვებაზე, თუმცა, როგორ გამოიყენებს ამას საქართველოს ხელისუფლება, მისთვის უცნობია. ზაქარეიშვილის აზრით, ჟენევის მოლაპარაკებების პროცესში რუსეთის პოზიცია დასუსტდება, თუ საქართველოს წარმომადგენლები დისკუსიის ორ მთავარ მოთხოვნას გააერთიანებენ. მოითხოვენ 12 აგვისტოს ხელშეკრულების მიხედვით, რეგიონის დეოკუპაციას და ამის შემდეგ ცხინვალსა და სოხუმთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტის ტექსტზე მუშაობას დაიწყებენ.
„საქართველომ შეიძლება თქვას შემდეგი - რუსეთმა უნდა შეასრულოს თავისი ვალდებულება, აღებული 12 აგვისტოს და გაიყვანოს ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან, ამის შემდეგ, რაც რუსეთი თავის ვალდებულებას შეასრულებს, მერე უკვე საქართველო მზად იქნება დაჯდეს და მოლაპარაკებები დაიწყოს სოხუმთან და ცხინვალთან ძალის არგამოყენების გარკვეული ტექსტის შემუშავებაზე. შემუშავებაც პროცესია და ეს დროში უნდა გაგრძელდეს. რატომ არ აკეთებს საქართველო ამას? რატომ ალაპარაკებს სოხუმს და ცხინვალს ამ მიმართულებით? თვითონ ილაპარაკოს. რატომ არის ინიციატივა იმათ მხარეს და არ არის ინიციატივა თბილისის მხარეს? მიაბას ერთმანეთს ეს ორი მოვლენა“, - ამბობს ზაქარეიშვილი.
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის ფორმატი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეიქმნა. ევროკავშირის, ეუთოსა და გაეროს ხელმძღვანელობით, დისკუსიაში მონაწილეობენ საქართველოს, რუსეთის, მის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონისა და ასევე აშშ-ის წარმომადგენლები.