Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

REUTERS-ი: გაერო პუტინს მარცვლეულის შეთანხმების გაგრძელებისთვის SWIFT-თან კავშირის აღდგენას სთავაზობს


შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების გაგრძელებისთვის გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერეშმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, რუსეთის სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო ბანკის (Россельхозбанк) შვილობილი კომპანიის SWIFT-ის სისტემასთან კავშირის აღდგენა შესთავაზა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ევროკავშირმა რუსეთის სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო ბანკს SWIFT-ის სისტემასთან კავშირი 2022 წლის ივნისში შეუწყვიტა, რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების გამო დაწესებული სანქციების ფარგლებში.

Россельхозбанк-ის SWIFT-თან ხელახალი დაკავშირება მარცვლეულის შეთანხმების გაგრძელებისთვის რუსეთის მთავარ მოთხოვნებს შორის ერთ-ერთია. Reuters-ის ცნობით, ევროკავშირი SWIFT-თან შეზღუდვის მოხსნას მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო ბანკის შვილობილი კომპანიის შემთხვევაში გეგმავს იმ მიზნით, რომ მარცვლეულსა და სასუქებზე ტრანზაქციები გახდეს შესაძლებელი.

"როიტერსი" გაეროს სპიკერზე დაყრდნობით წერს, რომ გუტიერეშმა პუტინს შეტყობინება 11 ივლისს გაუგზავნა და მარცვლეულის ექსპორტის შენარჩუნების გზა შესთავაზა.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მარცვლეულის შეთანხმების გადასარჩენად ევროკავშირი მზად იყო დათმობაზე, პირველად 3 ივნისს გაავრცელა გაზეთმა Financial Times-მა. ამის შემდეგ, 4 ივლისს, კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა აღნიშნა, რომ, სავარაუდოდ, რუსეთი უკრაინასთან დადებულ შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებას აღარ გააგრძელებდა.

შარშან ივლისში რუსეთმა და უკრაინამ თურქეთისა და გაეროს მონაწილეობით მოაწერეს ხელი უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმებას შავი ზღვის პორტებიდან, რომლებიც დაბლოკილია მას შემდეგ, რაც უკრაინაში რუსეთის შეჭრა დაიწყო. უპირველეს ყოვლისა, საუბარი იყო განვითარებად ქვეყნებში საქონლის მიწოდებაზე. მას შემდეგ გარიგება რამდენჯერმე გახანგრძლივდა.

მაისში, როდესაც მოსკოვი დათანხმდა ხელშეკრულების კიდევ ორი თვით გაგრძელებას, რუსეთის ხელისუფლებამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეთანხმება შეიძლება შეწყდეს, თუ რუსული მარცვლეულისა და სასუქების ექსპორტისთვის დაბრკოლებები არ მოიხსნება.

ივნისის დამდეგს უკრაინამ რუსეთი მარცვლეულის ინიციატივის ახალ შეჩერებაში დაადანაშაულა. კიევი ამტკიცებდა, რომ რუსულმა მხარემ დაბლოკა გემების რეგისტრაცია უკრაინის ყველა პორტში და ამ ქმედებებს შეთანხმებების „უხეში დარღვევა“ უწოდა.

XS
SM
MD
LG