Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრიგოჟინის კომპანიებმა ამბოხების შემდეგ ერთი მილიარდი რუბლის ხელშეკრულებები გააფორმეს


არქივის ფოტო: ევგენი პრიგოჟინი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს ათვალიერებინებს სასკოლო კვების პროდუქტების საწარმოო ცენტრს.
არქივის ფოტო: ევგენი პრიგოჟინი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს ათვალიერებინებს სასკოლო კვების პროდუქტების საწარმოო ცენტრს.

ევგენი პრიგოჟინთან დაკავშირებულმა კომპანიებმა, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებლის ამბოხების შემდეგ, განაგრძეს კონტრაქტების მიღება სკოლებისა და საავადმყოფოებისთვის საკვების მიწოდების სფეროში.

ამის შესახებ RTVI იტყობინება, 24 ივნისის შემდეგ დადებულ კონტრაქტებზე დაყრდნობით.

ცხრა კონტრაქტის მოცულობამ შეადგინა მილიარდ 64 მილიონი რუბლი (11,2 მილიონი დოლარი). ყველაზე დიდი მომხმარებელია მოსკოვის მახლობლად მდებარე მიტიშჩის ადმინისტრაციის განათლების განყოფილება. მან Prodfootservice-თან გააფორმა 705 მილიონი რუბლის (7,8 მილიონი დოლარი) მოცულობის ხელშეკრულება. კონტრაქტი კომპანიის მიერ 2023-2025 წლებში მოსკოვის რეგიონის სკოლებისთვის კვების პროდუქტების მიწოდებას ითვალისწინებს.

სხვა მიმწოდებლები არიან პრიგოჟინთან დაკავშირებული AVK, „სკოლამდელი კვების კომბინატი“ და „Russotskapital-ი". მომხმარებლებს შორის კი ასევე არიან მოსკოვის ჯანდაცვის დეპარტამენტის საავადმყოფოები და კლინიკები, ბავშვთა ბანაკი "არტეკი" და ორი საავადმყოფო მოსკოვის მახლობლად.

გარდა ამისა, არ იგეგმება პრიგოჟინის სტრუქტურებთან დადებული ძველი ხელშეკრულებების შეწყვეტა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ RTVI-ს შეკითხვაზე უპასუხა, რომ არ ჰქონია პრეტენზია AVK-ის მუშაობასთან დაკავშირებით, ამიტომ კომპანიასთან კონტრაქტი არ გაუქმდება. ეს ფირმა აწვდის საკვებს საგარეო საქმეთა სამინისტროს სამედიცინო და ჯანმრთელობის ცენტრს.

ივლისის დასაწყისში გამოცემა "Вёрстка" იტყობინებოდა, რომ მოსკოვის რეგიონის სკოლებისთვის საკვების მიწოდების კონტრაქტები, რომლებიც ჩვეულებრივ ევგენი პრიგოჟინის კომპანიებს ეძლეოდათ, სხვა კომპანიებზე ნაწილდება.

• 2023 წლის 23 ივნისს ევგენი პრიგოჟინმა და მისმა დაქვემდებარებულმა კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერმა“ სცადეს ამბოხების მოწყობა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობის წინააღმდეგ. ერთ დღეზე ნაკლებ დროში „ვაგნერელებმა“ აიღეს დონის როსტოვი და მოსკოვისკენ გაემართნენ. პრიგოჟინსა და ბელარუსის ავტორიტარ მმართველ ალიაქსანდრ ლუკაშენკას შორის მოლაპარაკებების შემდეგ, „ვაგნერის“ სვლა მოსკოვისკენ შეჩერდა. აჯანყების ფაქტზე იმავე დღეს აღძრული სისხლის სამართლის საქმე დაიხურა. ევგენი პრიგოჟინი და ნებაყოფლობითი დაქირავებულები მიიწვიეს ბელარუსში. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ პრიგოჟინი მშვიდად მოძრაობდა რუსეთის შიგნით, ივნისის ბოლოს კი ის და მისი ქვეშევრდომები კრემლში შეხვდნენ რუსეთის პრეზიდენტს.

• 27 ივნისს, ამბოხებიდან რამდენიმე დღეში, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ „ვაგნერს“ სრულად აფინანსებდა სახელმწიფო. ამავე დროს მან აღნიშნა, რომ მხოლოდ ერთ წელიწადში ვაგნერელებმა რუსეთის ხელისუფლებისგან 86 მილიარდ რუბლზე მეტი მიიღეს. გარდა ამისა, პუტინის თქმით, პრიგოჟინის კომპანია Concord-მა „ვოენტორგის“ - რუსეთის არმიის სავაჭრო უწყების - მეშვეობით, სამხედროებისთვის საკვების მიწოდებით წელიწადში 80 მილიარდი რუბლი გამოიმუშავა. 2 ივლისს გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ Concord-თან სურსათის მიწოდების ხელშეკრულება გააუქმა.

• უკრაინასთან ომამდე რუსეთის ხელისუფლება ცდილობდა საიდუმლოდ შეენახა კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“არსებობა და დაფინანსება. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, კომპანია ფართოდ გახდა ცნობილი, ის ღიად იყო დაკავებული რუსეთში მებრძოლების დაქირავებით. უკრაინის ფრონტზე „ვაგნერი“ ერთ-ერთი ყველაზე ბრძოლისუნარიანი შენაერთი იყო.

XS
SM
MD
LG