Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსი გენერალი თავდაცვის სამინისტროს და გენერალურ შტაბს დაუპირისპირდა


ფოტო არქივიდან. რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ(მარცხნივ) და გენერალური შტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი
ფოტო არქივიდან. რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ(მარცხნივ) და გენერალური შტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი

რუსეთის არმიის გენერალმა ივან პოპოვმა დაადასტურა ტელეგრამ-არხებით გავრცელებული ცნობები, რომ 58-ე არმიის სარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. პოპოვი მიზეზად ასახელებს სიმართლეს, რომელიც „უფროს ხელმძღვანელებს“ არ მოსწონდათ. რუსეთის 58-ე არმია საბრძოლო მოქმედებებს აწარმოებს უკრაინის ზაპოროჟიეს ოლქში.

გენერალ-მაიორ პოპოვის 4-წუთიანი აუდიომიმართვა 12 ივლისს, ღამით, ტელეგრამით გაავრცელა რუსეთის დუმის დეპუტატმა, 58-ე არმიის ყოფილმა სარდალმა ანდრეი გურულიოვმა.

ივან პოპოვი 58-ე არმიის სამხედროებს მიმართავს სიტყვებით, „ჩემო საყვარელო გლადიატორებო“ და ატყობინებს, რომ სარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლეს, თადარიგში გადაიყვანეს და მის ნაცვლად დანიშნეს გენერალ-ლეიტენანტი ლიამინი.

გენერალი პოპოვი გვარების დაკონკრეტების გარეშე ამბობს, რომ „რთული სიტუაცია შეიქმნა უფროს ხელმძღვანელობასთან, როცა ან უნდა გაჩუმებულიყავი და დაგემალა, რისი მოსმენაც არ უნდოდათ, ან ყველაფრისთვის თავის სახელი დაგერქმია“. რუსეთის არმიის „უფროსი ხელმძღვანელი" გენერალური შტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვია.

ივან პოპოვი აცხადებს, რომ დაღუპული თანამებრძოლების გამო, ტყუილის თქმის უფლება არ ჰქონდა, ამიტომ „ყველაზე მაღალ დონეზე“ განსაზღვრა საბრძოლო მუშაობის და უზრუნველყოფის მხრივ არმიაში არსებული ყველა პრობლემა და ყურადღება გაამახვილა „თანამედროვე ომის ყველაზე დიდ ტრაგედიაზე“ - კონტრბატარეის ბრძოლის და საარტილერიო დაზვერვის სადგურის არარსებობასა და მოწინააღმდეგის არტილერიისგან რუსი მებრძოლების მასობრივ სიკვდილსა და დასახიჩრებაზე.

როგორც გენერალი პოპოვი ამბობს, როგორც ჩანს, „უფროსმა ხელმძღვანელებმა“ მასში რაღაც საფრთხე დაინახეს, „ერთ დღეში შეთითხნეს თავდაცვის მინისტრის ბრძანება“ და „თავიდან მოიშორეს“.

„როგორც დღეს თქვა დივიზიების პოლკების ბევრმა მეთაურმა, ჩვენი არმიის ფრონტიდან შენგრევა ვერ შეძლეს უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედროებმა და ჩვენ ზურგიდან დაგვარტყა ჩვენმა უფროსმა ხელმძღვანელმა. მოღალატეობრივად და უნამუსოდ არმიას თავი მოკვეთა ყველაზე მძიმე და დაძაბულ მომენტში", - აცხადებს გენერალი პოპოვი.

ივან პოპოვის აუდიომიმართვის გამოქვეყნებამდე ერთი დღით ადრე, 11 ივლისს, რამდენიმე რუსული ტელეგრამ-არხი, მათ შორის კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერთან“ დაკავშირებული Grey Zone წერდა, რომ გენერალმა პოპოვმა გენერალური შტაბის უფროსს, ვალერი გერასიმოვს შესთავაზა ფრონტის პირველ ხაზზე ხანგრძლივად მყოფი ქვედანაყოფების როტაცია მათი მნიშვნელოვანი დანაკარგების გამო, გერასიმოვმა კი პოპოვი დაადანაშაულა პანიკასა და შანტაჟში და მას შემდეგ, რაც გენერალი პრეზიდენტ პუტინთან ჩივილით დაემუქრა, 58-ე არმიის სარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა.

  • 58-ე არმია მონაწილეობდა საქართველოს წინააღმდეგ 2008 წლის აგვისტოს ომშიც. რუსეთის სახმელეთო ჯარების ამ გაერთიანებას მაშინ გენერალი ხრულიოვი ხელმძღვანელობდა.
XS
SM
MD
LG