Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"შეუძლებელია შევეგუოთ ნაკარნახევ სცენარებს და შემოქმედებით ჩარჩოს" - სამინისტროსთან აქციაზე ქართული კინოს მანიფესტი წაიკითხეს


თბილისში, კულტურის სამინისტროსთან, ეროვნული კინოცენტრის დამოუკიდებლობის დასაცავად გამართულ აქციაზე ქართული კინოს მანიფესტი წაიკითხეს. აქცია ხელოვნების სფეროში ცენზურის დაწესების მცდელობების წინააღმდეგ იმართება, ეროვნულ კინოცენტრში რეორგანიზაციის გამოცხადებიდან ერთი თვის თავზე.

მანიფესტის სრული ტექსტი ასეთია:

"დღეს, როცა ჩვენს შემოქმედებით თავისუფლებას ემუქრებიან;

დღეს, როცა მიზნად დაუსახავთ კრიტიკული ხმის ჩახშობა;

დღეს, როცა ვხედავთ ცენზურის საფრთხეს;

დღეს, როცა ცდილობენ დამოუკიდებელი ინსტიტუციების მოშლას;

დღეს, როცა ქვეყანაში არ არსებობს მუნიციპალური კინოთეატრები;

დღეს, როცა არაკომპეტენტურობას გზა ხსნილი აქვს;

დღეს, როცა პოლიტიკური პასუხისმგებლობა ჩაანაცვლა ვნებამ ძალაუფლების ფლობის, ჩვენ, ქართველი კინემატოგრაფისტები, ვგრძნობთ წინააღმდეგობის გარდაუვალობას!

ჩვენ – ვისაც გვიყვარს ქართული კინო და ვქმნით მის მომავალს; ჩვენ – ვისაც შეგვწევს ძალა ავზვირთდეთ ტალღად; ჩვენ – ვისაც გვჯერა, შემოქმედებითი თავისუფლების ძალის;

ჩვენ – გასულ საუკუნეში რეპრესირებული კინოს მემკვიდრეები, შეუძლებელია, შევეგუოთ ნაკარნახევ სცენარებსა და შემოქმედებით ჩარჩოს.

ჩვენ უარს ვამბობთ ერთმნიშვნელოვან ხელოვნებაზე;

ჩვენ უარს ვამბობთ კულუარულ პოლიტიკაში მონაწილეობაზე;

ჩვენ მხოლოდ დავცინებთ შეუმდგარ ცენზორებს და მათ განზრახვას მოათვინიერონ ქართული კინო.

ჩვენ გვჭირდება სივრცეები, სადაც ერთმანეთს შევხვდებით; სივრცეები მსჯელობისა და ურთიერთგაცვლისთვის;

ჩვენ ვეძებთ ახალ გზებს, ქართულ კინოს დავუმკვიდოთ ღირსეული ადგილი;

ჩვენ ვითხოვთ თანაბარ წვდომას კულტურაში არსებულ რესურსებზე;

ჩვენ გვჭირდება კულტურის პოლიტიკა, რომელიც იქმნება ჩვენი ჩართულობით; ძლიერი და დამოუკიდებელი ინსტიტუციები, რომლებიც წარმოგვადგენენ ჩვენ.

ჩვენ გვჯერა მწვავე, თუმცა არაძალადობრივი ბრძოლის; ხმაურიანი, თუმცა მშვიდობიანი პროტესტის; აზვირთებული, გარდამქმნელი მოძრაობის.

ჩვენ გვინდა კინო, რომელიც საზრდოობს ამ ქვეყნის სინამდვილით და იქმნება ხალხისთვის;

ჩვენ გვინდა დავიბრუნოთ კინოს კოლექტიურად ყურების სიხარული;

ჩვენ ვიპოვეთ მტკიცე და პრინციპული შეწინააღმდეგების ძალა.

ჩვენ გვჯერა, რომ დაუღალავი, გულწრფელი შრომა მოიტანს შედეგს.

ჩვენ ვერთვებით უკომპრომისო პოლიტიკურ, თუმცა არა პარტიულ ბრძოლაში. ჩვენი ერთობა უპრეცენდენტოა. ამ მოძრაობაში ყველას სიტყვას ფასი აქვს. ეს მოძრაობა ყველა მის წევრს ეკუთვნის.

ჩვენ გვჯერა, რომ ვიპოვით მეგობრებს, მხატვრებსა და დრამატურგებში, მუსიკოსებსა და მწერლებში; გამოცდილ წინამორბედებსა და “მზეთმოსულ ახალგაზრდებში”! რადგან, ჩვენ ვხედავთ მზეს, გარდაქმნების შეუქცევადობას;

ცვლილებების აუცილებლობას;

განვითარების გარდაუვალობას;

ტალღას, რომელიც წამლეკავი და ახლის მშობელია."

მანიფესტის ავტორები არიან:

ქეთო ყიფიანი - რეჟისორი, პროდიუსერი

ეკა წოწორია - კინომცოდნე, რეჟისორი

მელანა სოხაძე - პროდიუსერი, რეჟისორი

თამარ კალანდაძე - რეჟისორი, კინომცოდნე

ეროვნულ კინოცენტრში რეორგანიზაციის გამოცხადებიდან ერთი თვის თავზე ცნობილი გახდა, რომ ამ პროცესში სამსახურიდან გათავისუფლდა 7 თანამშრომელი. გათავისუფლებულთა ნაწილი აქტიურად იყო ჩართული საპროტესტო აქციებში.

XS
SM
MD
LG