Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახმეტაში 15 წლის მოზარდი პოლიციელებს ძალადობაში ადანაშაულებს


მაისური, რომელიც 15 წლის მოზარდს 11 ივლისის ღამით ეცვა
მაისური, რომელიც 15 წლის მოზარდს 11 ივლისის ღამით ეცვა

ახმეტის მკვიდრი 15 წლის მოზარდი რადიო თავისუფლებას უყვება, რომ „ჯერ ცხვირში მომხვდა, ორი-სამი - სახეში და დანარჩენი - მუცლის არეში“. ის ძალადობაში ადგილობრივ პოლიციელებს ადანაშაულებს.

შემთხვევა 11 ივლისს ღამით, დაახლოებით პირველის ნახევარზე, ქალაქის კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქუჩაში, მოხდა. როგორც მოზარდი ჰყვება, თხუთმეტამდე მეგობარი სეირნობდა და სკვერში გაჩერებას აპირებდა, რა დროსაც მათთან მოულოდნელად პოლიციის სამი ჯგუფი მივიდა და ერთ-ერთი მეგობრის დაკავება დაიწყო. მოზარდის თანახმად, პოლიციელები მას ფიზიკურად მას შემდეგ გაუსწორდნენ, რაც მათგან თავისი მეგობრის დაკავების მიზეზის დასახლება მოითხოვა. მოზარდმა პოლიციელთა სახელები და გვარები არ იცის, თუმცა ამბობს, რომ, სულ ცოტა, სამი მათგანის ამოცნობა შეუძლია.

„ჩემი ძმაკაცი რომ დააკავეს, მე ვიკითხე, რის საფუძველზე აკავებდნენ. პასუხი არ გამცეს... შემდეგ დამეჭიდნენ მაისურზე და რამდენჯერმე გამარტყეს. სამი ან ოთხი პოლიციელი მირტყამდა“.

რადიო თავისუფლება ესაუბრა 15 წლის მოზარდის დედას, ნატალია ლოლაძეს. როგორც მან გვითხრა, მომხდარის შესახებ შვილმა ტელეფონით შეატყობინა და ამის შემდეგ იგი ადგილზე მალევე მივიდა.

„მე იმ ღამითვე ვნახე პარკში. თავისი მაისური აღარ ეცვა, იმიტომ რომ დახეული იყო. ეს დახეული მაისური იყო სისხლიანი. ჩემს შვილს დაზიანებები აქვს ყელის არეშიც და დაზიანებული აქვს ფეხიც“.

არასრულწლოვანის თქმით, პოლიციელებსა და ახალგაზრდებს შორის მომხდარი დაპირისპირების ამსახველი რამდენიმე ვიდეო არსებობს, რომლებიც მეგობრებმა გადაიღეს. მისი ინფორმაციით, ვიდეოებში ჩანან კონკრეტული პოლიციელები, რომლებიც მას გაუსწორდნენ.

რადიო თავისუფლება შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა იმის გასარკვევად, 11 ივლისის ღამით ახმეტაში რა მიზეზით დააკავეს ერთი ახალგაზრდა და რა იციან 15 წლის მოზარდის საქმეზე, რომელიც ამბობს, რომ პოლიციელები ფიზიკურად გაუსწორდნენ.

„ერთ პირი დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რაც გულისხმობს წვრილმან ხულიგნობას და პოლიციელის კანონიერი ბრძანების დაუმორჩილებლობას. სხვას ვერაფერს ვერ გეტყვით”, - გვითხრეს სამინისტროს პრესსამსახურში.

15 წლის მოზარდზე პოლიციელების მხრიდან შესაძლო ძალადობის საქმის შესწავლა დაიწყო სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა. დეტალებზე არც ამ უწყებაში ლაპარაკობენ, მხოლოდ ის თქვეს, რომ კომუნიკაცია შედგა არასრულწლოვანის ოჯახთან.

თავად არასრულწლოვანი და მისი მშობელი ამბობენ, რომ გამოძიებასთან ითანამშრომლებენ და პოლიციელების პასუხისგების იმედი აქვთ.

XS
SM
MD
LG