Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა "დიდი შვიდეულისგან" უსაფრთხოების გრძელვადიან გარანტიას მიიღებს


იენს სტოლტენბერგისა და ვოლოდიმირ ზელენსკის ერთობლივ პრესკონფერენციაზე
იენს სტოლტენბერგისა და ვოლოდიმირ ზელენსკის ერთობლივ პრესკონფერენციაზე

“ვილნიუსის ნატოს სამიტზე უკრაინას ალიანსში გაწევრიანების მოწვევა რომ მიეღო, ეს იქნებოდა იდეალური სამიტი. მაგრამ ეს იყო კარგი სამიტი უკრაინისთვის, რადგან უკვე აღარ არის საჭირო გაწევრიანების სამოქმედო გეგმა (MAP). ასევე ხაზი გაესვა, რომ უკრაინა რეფორმებს აგრძელებს ომის დროსაც“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 12 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელსაც სარეკორდო რაოდენობის ჟურნალისტები ესწრებოდნენ.

იენს სტოლტენბერგისა და ვოლოდიმირ ზელენსკის ერთობლივი პრესკონფერენციის დამთავრების შემდეგ, ვილნიუსში დაიწყო ნატო-უკრაინის საბჭოს ისტორიული შეხვედრა. მისი დასრულების შემდეგ, სავარაუდოდ, გაიმართება ხელმოწერა უკრაინისთვის "დიდი შვიდეულის" ქვეყნების მხრიდან უსაფრთხოების გრძელვადიან გარანტიებზე, რომლებიც ბრიტანეთის ინიციატივითაა შემუშავებული.

„დოკუმენტი მომდევნო წლებში ომის დასრულების, ასევე შემდგომში ნებისმიერი აგრესიის აღკვეთისა და შეკავების მიზნით უკრაინისათვის მოკავშირეთა გრძელვადიან მხარდაჭერას განსაზღვრავს. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მსგავს კომპლექსურ მხარდაჭერას ასეთი რაოდენობის ქვეყნები იღებენ“, - განუცხადა ვილნიუსში აკრედიტებულ უკრაინელ ჟურნალისტებს ბრიტანეთის ხელისუფლების წარმომადგენელმა.

"დიდი შვიდეულის" მხრიდან უსაფრთხოების გრძელვადიან გარანტიებს პრესკონფერენციაზე მნიშვნელოვანი უწოდა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

„ამ დახმარებას უკრაინა მიიღებს არა ნატოში გაწევრიანების სანაცვლოდ, არამედ ალიანსში გაწევრიანების პარალელურად“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

კონკრეტულად კი დოკუმენტი ითვალისწინებს უფრო დიდი მოცულობის სადაზვერვო მონაცემების სწრაფ გაცვლას, ჰიბრიდული და კიბერსაფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარებას, უკრაინელი სამხედროების მოსამზადებელი პროგრამების კიდევ უფრო გაფართოებას და უკრაინის საწარმოო პოტენციალის გაძლიერებას.

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ისტორიული უწოდა ნატო-უკრაინის თანამშრომლობის ახალი ფორმატის - ნატო-უკრაინის საბჭოს ამოქმედებას. „საბჭო შეიკრიბება უკრაინის მოთხოვნის საფუძველზე და მისი მუშაობის ბლოკირებას ალიანსის ვერცერთი ქვეყანა ვეღარ შეძლებს“, - განაცხადა სტოლტენბერგმა, რომელსაც მხედველობაში ჰქონდა უნგრეთის მიერ წარსულში უკრაინა-ნატოს კომისიის მოწვევის ბლოკირება.

მსოფლიო წამყვანი ქვეყნების „დიდი შვიდეული“ აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთს, გერმანიას, იაპონიას, კანადასა და იტალიას აერთიანებს.

უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების ისტორიულ შეთანხმებას სამიტზე ხელს მოაწერენ „დიდი შვიდეულის“ ყველა წევრი სახელმწიფოს ლიდერები.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG