Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბუნდესტაგის პრეზიდენტი ბერბელ ბასი სალომე ზურაბიშვილს შეხვდა


გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტი ბერბელ ბასი, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტი ბერბელ ბასი, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის პრეზიდენტი ბერბელ ბასი ორბელიანების სასახლეში შეხვდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს.

საქართველოს პრეზიდენტი შეხვედრას „ტვიტერის" ანგარიშზე გამოეხმაურა.

„შევხვდით საქართველოსა და ევროპისთვის მნიშვნელოვან დროს. საუბარი შეეხო გერმანიის მხარდაჭერას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ, რომელსაც საქართველოსთვის ალტერნატივა არ აქვს. ქართველი ხალხი აფასებს გერმანელი ერის მხარდაჭერას", - დაწერა ზურაბიშვილმა.

გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტი შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილსაც. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და გერმანიას შორის არსებულ ურთიერთობებს და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს შეეხო.

„აღინიშნა, რომ საქართველო აფასებს გერმანიის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ევროკავშირის წევრობისადმი. შეხვედრაზე მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოს ევროპისკენ სწრაფვა ურყევია", - ნათქვამია პრესრელიზში.

ბერბელ ბასი 10 ივლისს შეხვდა კოლეგას, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს.

ბასი 8 ივლისს „თბილისი პრაიდის“ ფესტივალის ჩაშლასა და ტერიტორიის დარბევას გამოეხმაურა.

„ჩემთვის ძალიან შთამბეჭდავია, რომ საქართველოს მოსახლეობა თავს ევროპელად მიიჩნევს, მაგრამ „პრაიდის ფესტივალის“ ჩაშლის მცდელობა არ იყო ძალიან კარგი ამბავი. ეს არღვევს შეკრების თავისუფლებას, უმცირესობების უფლებებს და ეს უფლებები არის ევროპული ღირებულებების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი", - განაცხადა მან.

8 ივლისს „თბილისი პრაიდის“ ფესტივალის ჩასაშლელად „ლისი ვანდერლენდის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ჰომოფობიური, ანტიდასავლური აქციის მონაწილეები შეიჭრნენ და ტერიტორია დაარბიეს. გავრცელებულ ფოტო და ვიდეომასალებში ჩანს, რომ ისინი ანადგურებენ ნაგებობებსა და საგნებს კერძო ტერიტორიაზე. კადრებში ასახულია მათ მიერ ფესტივალისთვის მომზადებული გაზიანი სასმელებისა თუ სხვა ნივთების დატაცების ფაქტები.

ფესტივალის ორგანიზატორებს ტერიტორია, წინასწარ მომზადებული ტრანსპორტით, საჩქაროდ დაატოვებინეს.

XS
SM
MD
LG