Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა დაგმო "თბილისი პრაიდის" ფესტივალის ჩაშლა


რობერტა მეცოლა, ევროპარლამენტის პრეზიდენტი
რობერტა მეცოლა, ევროპარლამენტის პრეზიდენტი

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ დაგმო ფესტივალის „ძალადობრივი ჩაშლა“, რომელიც „თბილისი პრაიდის“ ფარგლებში 8 ივლისს უნდა ჩატარებულიყო.

„ლგბტქი+ თემის სიცოცხლე და უსაფრთხოება უნდა იყოს პრიორიტეტული, ადამიანები შიშისგან თავისუფალ ცხოვრებას იმსახურებენ. აქედან მინდა მათ ჩვენი სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოვუცხადო“, - განაცხადა რობერტა მეცოლამ 10 ივლისს, ევროპარლამენტის პლენარული სესიის გახსნისას.

საქართველოს შს სამინისტრომ „თბილისი პრაიდის“ ფესტივალის ჩაშლასთან დაკავშირებით ორი პირის დაკავება დაადასტურა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

ასევე, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და გამოძიება დაწყებულია 177-ე მუხლით, რაც ქურდობას უკავშირდება.

8 ივლისს „ლისი ვანდერლენდის“ მიმდებარე ტერიტორიაზე „თბილისი პრაიდის“ ფესტივალის ჩასაშლელად შეიჭრნენ ჰომოფობიური, ანტიდასავლური აქციის მონაწილეები და ტერიტორია დაარბიეს.

საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი და არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებას დამნაშავეების დასჯისკენ მოუწოდებენ. 8 ივლისის მოვლენებს ისინი 2021 წლის 5 ივლისის ძალადობის გაგრძელებად მიიჩნევენ, როცა ორგანიზატორები არ დასჯილან.

8 ივლისის აქციის მთავარი ორგანიზატორი, 5 ივლისის მსგავსად, კვლავ „ალტ-ინფოს“ ჯგუფი იყო, რომელიც მკაფიოდ პრორუსული განწყობებით გამოირჩევა. ლიდერები წინა დღეებში ძალადობით იმუქრებოდნენ.

შს სამინისტროს განცხადებით, აქციის მონაწილეების შეჩერება „გაშლილ ტერიტორიაზე“ მათი სიმრავლის გამო ვერ მოხერხდა.

ფესტივალის ორგანიზატორთა შეფასებით კი, ხელისუფლებამ წაახალისა და მხარი დაუჭირა ძალადობას და ეს იყო საქართველოს ხელისუფლების მიერ "პუტინისტურ მოძალადე ჯგუფთან ერთად ორგანიზებული თავდასხმა დემოკრატიაზე, ადამიანის უფლებებზე და უდანაშაულო ადამიანებზე, რომლებსაც სურდათ კონსტიტუციით გარანტირებული ფუნდამენტური უფლებით სარგებლობა".

XS
SM
MD
LG