Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტოლტენბერგი: თურქეთი თანახმაა, ნატოში შვედეთის გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს


ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი, შვედეთის პრემიერ-მინისტრი ულფ კრისტერსსონი. ვილნიუსი. 10 ივლისი, 2023 წელი
ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი, შვედეთის პრემიერ-მინისტრი ულფ კრისტერსსონი. ვილნიუსი. 10 ივლისი, 2023 წელი

AFP-ს ინფორმაციით, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი დათანხმდა, თავისი ქვეყნის პარლამენტს გადასცეს დასამტკიცებლად შვედეთის განცხადება ალიანსში სკანდინავიის ამ ქვეყნის გაწევრიანებაზე. ამის შესახებ განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა.

ვილნიუსში ერდოანთან და შვედეთის პრემიერ-მინისტრ ულფ კრისტერსსონთან მოლაპარაკების შემდეგ, სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ თურქეთი დათანხმდა, წინ წავიდეთ და თქვა, რომ ეს „ისტორიული დღეა“.

"მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ პრეზიდენტი ერდოანი დათანხმდა, ოქმი შვედეთის გაწევრიანების შესახებ გადასცეს დიდ ეროვნულ კრებას და მჭიდროდ ითანამშრომლოს მასთან, რათა მოხდეს რატიფიკაცია", - განაცხადა სტოლტენბერგმა პრესკონფერენციაზე, ვილნიუსში.

შვედეთის პრემიერ-მინისტრმა ულფ კრისტერსსონმა განაცხადა, რომ ის „ძალიან მოხარულია“, რომ შვედეთმა მიაღწია შეთანხმებას თურქეთის პრეზიდენტთან, რეჯეპ ტაიპ ერდოანთან, ნატოში გაწევრიანების მხარდასაჭერად.

თურქეთის გადაწყვეტილებას მიესალმა აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი.

სტოლტენბერგი, რომელიც ერდოანსა და შვედეთის პრემიერ-მინისტრს, ულფ კრისტერსსონს შეხვდა ვილნიუსის ნატოს სამიტის წინ, 10 ივლისის საღამოს ცდილობდა, მოეძებნა გამოსავალი ჩიხიდან, რომელშიც ნატოში შვედეთის გაწევრიანების შესახებ განაცხადი აღმოჩნდა. ფინეთმა და შვედეთმა შარშან შეიტანეს წევრობის განცხადება ალიანსში, რითაც უარი თქვეს ნეიტრალიტეტის ხანგრძლივ პოლიტიკაზე უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ. ფინეთი ნატოს წევრი აპრილში გახდა, ხოლო ალიანსში შვედეთის შესვლას ეწინააღმდეგებოდნენ თურქეთი და უნგრეთი.

სტოკჰოლმიც ცდილობდა, ვილნიუსის სამიტზე სამხედრო ბლოკში გაწევრიანებულიყო.

ერდოანი თვეების განმავლობაში აცხადებდა, რომ შვედეთის გაწევრიანებას მხარს დაუჭერს მხოლოდ მაშინ, როცა სკანდინავიის ეს ქვეყანა შეასრულებს პირობებს, შარშან მადრიდის სამიტზე მიღწეულ შეთანხმებას. შეხვედრის წინ ერდოანი და კრისტერსსონი დაუძაბავად საუბრობდნენ. შვედეთის პრემიერმა იხუმრა, რომ თავის თვითმფრინავს ვილნიუსის აეროპორტში თურქეთის დიდი თვითმფრინავის გვერდზე დააყენებს.

თურქეთი მიიჩნევდა, რომ შვედეთი არ აკეთებს საკმარისს, თურქეთის პოზიციით, „ტერორისტების“, ქურთისტანის მუშათა პარტიის, წინააღმდეგ. ნატოს ვილნიუსის სამიტის დაწყებამდე თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა გზა უნდა გაუხსნას ბლოკში თურქეთის შესვლას მანამ, სანამ ქვეყნის პარლამენტი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში შვედეთის გაწევრიანებას დათანხმდება. 10 ივლისს აშშ-მა, მანამდე გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა აღნიშნეს, რომ ევროკავშირში თურქეთის გაწევრიანება და ნატოში შვედეთის შესვლა ორი სხვადასხვა საკითხია.

XS
SM
MD
LG