Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში რუსეთმა, სულ ცოტა, 47 000 ჯარისკაცი დაკარგა - ჟურნალისტური გამოძიება


2023 წლის მაისის ბოლოსთვის უკრაინაში მოკლულია, სულ ცოტა, 47 000 რუსი ჯარისკაცი - მონაცემებს რუსული გამოცემების, "მედიაზონისა" და "მედუზის" გამომძიებელი ჟურნალისტები აქვეყნებენ, რუსეთის სტატისტიკის ბიუროსა და ნოტარიუსთა პალატის სამემკვიდრეო საქმეების რეესტრის მონაცემების შესწავლის საფუძველზე. სტატისტიკა ნაწილობრივ მოიცავს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მონაცემებსაც. მასში არ შედის მონაცემები ტყვეების, ასევე დონეცკისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების ჯარისკაცების შესახებ.

47 000 დაკარგული ჯარისკაცი 15 თვეში სამჯერ მეტია, ვიდრე 10 წლის განმავლობაში (1979-1989 წწ.) საბჭოთა ჯარების დანაკარგი ავღანეთის ომში და 9-ჯერ მეტია, ვიდრე რუსეთის არმიის მსხვერპლი ჩეჩნეთის პირველ ომში (1994-1996 წწ.).

გამოძიების ავტორები ფიქრობენ, რომ სამსახურიდან დათხოვნილი მძიმე დაზიანების მქონე ჯარისკაცების მონაცემების გათვალისწინებით, ომის მსხვერპლთა რიცხვი შეიძლება 125 000-ს აღწევდეს.

ოფიციალური რუსეთი უკრაინაში ომის მსხვერპლთა შესახებ ცნობებს, ფაქტობრივად, არ აქვეყნებს. რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ მხოლოდ 2022 წლის სექტემბერში თქვა, რომ უკრაინაში 5 937 ჯარისკაცი დაიღუპა. უკრაინა ამტკიცებს, რომ რუსეთმა ომში თითქმის 200 000 ჯარისკაცი დაკარგა.

ომის პარალელურად, ჟურნალისტები მუდმივად ცდილობენ დაადგინონ ომის მსხვერპლთა რაოდენობა. "მედიაზონისა" და "ბიბისის" რუსული სამსახურის გათვლებით (რაც ეყრდნობოდა სოციალურ ქსელებში დაღუპულთა ახლობლების მიერ გავრცელებულ ცნობებს და სასაფლაოებზე ახალდაკრძალულთა მონაცემებს), 2022 წლის მაისიდან 2023 წლის ივლისის შუა პერიოდამდე რუსეთმა მინიმუმ 27 423 ჯარისკაცი დაკარგა. მათგან 2 528 მობილიზებული იყო, 5 211 - პატიმარი.

XS
SM
MD
LG