მოსკოვი მიიჩნევს, რომ ნატოში უკრაინის გაწევრიანებას უარყოფითი შედეგი ექნება ევროპის მთელი უსაფრთხოების არქიტექტურისთვის.
ამის თაობაზე განაცხადა კრემლის წარმომადგენელმა დმიტრი პესკოვმა. მისი თქმით, ასეთ ნაბიჯს რუსეთის მხრიდან მძაფრი რეაქცია მოჰყვება. კრემლის პრესმდივნის თანახმად, ლიეტუვაში ნატოს სამიტის წინ ალიანსის წვერებს შორის გაიმართა დისკუსია უკრაინის შესაძლო წევრობაზე. პესკოვი მიიჩნევს, რომ კიევი ცდილობს, ზეწოლა მოახდინოს სამიტის ყველა მონაწილეზე.
უკრაინა უკვე კვირების განმავლობაში მოითხოვს დასავლურ სამხედრო კავშირში ოფიციალურ მიწვევას.
Deutschlandfunk-ი გერმანიის სამთავრობო წრეების მონაცემებს ეყრდნობა და წერს, რომ ამგვარ მიწვევას უკრაინას ვილნიუსის შეხვედრის მონაწილე 31 წევრი სახელმწიფო არ გაუგზავნის.
10 ივლისს, ნატოს ლიდერთა სამიტის გახსნამდე ერთი დღით ადრე, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ტვიტერზე დაწერა, რომ ინტენსიური მოლაპარაკებების შემდეგ, ნატოელმა მოკავშირეებმა მიაღწიეს კონსენსუსს, რომ ალიანსში მისაღებად უკრაინას აღარ დასჭირდება გაწევრიანების სამოქმედო გეგმა(MAP). მანამდე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ნატოს შეუძლია უკრაინის მიღების საკითხი განიხილოს მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ. ბაიდენმა ამერიკულ ტელეკომპანია CNN-ს უთხრა, რომ უკრაინა ნატოს წევრობისთვის ჯერ მზად არ არის.