Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხაბაროვსკში საპროტესტო აქციით აღინიშნა გუბერნატორ ფურგალის დაპატიმრების მესამე წლისთავი


9 ივლისს ხაბაროვსკის მოსახლეობის ნაწილი ოლქის ყოფილი გუბერნატორის, სერგეი ფურგალის დაკავების მესამე წლისთავთან დაკავშირებით პროტესტის ნიშნად ქუჩაში გამოვიდა.

დემონსტრანტებს გამოტანილი ჰქონდათ პლაკატები რეგიონის ყოფილი ხელმძღვანელის გამოსახულებით. ისინი აცხადებდნენ, რომ სერგეი ფურგალი არ არის დამნაშავე და მოითხოვდნენ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. გარდა ამისა, აქციის მონაწილეები დარწმუნებული არიან, რომ პოლიტიკოსი ხაბაროვსკის გუბერნატორის პოსტზე უნდა დაბრუნდეს. პოლიციამ რამდენიმე ადამიანი აქციის დაწყებამდე დააკავა. ისინი მოგვიანებით გაათავისუფლეს.

სერგეი ფურგალი, რომელმაც არჩევნებში კრემლის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი დაამარცხა, 2020 წლის ივლისში დააპატიმრეს. მას ბრალად ედება 2004-2005 წლებში რამდენიმე მეწარმის მკვლელობის ორგანიზება.

სერგეი ფურგალის დაპატიმრებას მოჰყვა მასობრივი საპროტესტო აქციები. გუბერნატორის მხარდამჭერი მოქალაქეები მოითხოვდნენ სამართლიან გამოძიებას და პასუხს შეკითხვაზე, თუ დანაშაული მართლაც ჩადენილია, რატომ გაახსენდათ ეს 15 წლის შემდეგ. ფურგალის მომხრეები ასევე მოითხოვდნენ, რომ სასამართლო პროცესი გამართულიყო არა მოსკოვში, არამედ ხაბაროვსკში და საქმე ნაფიც მსაჯულებს განეხილათ. მოთხოვნებს შორის იყო პრეზიდენტ პუტინის გადადგომაც. რუსეთის ხელისუფლებამ ფურგალის მომხრეთა აქციები არაერთხელ დაარბია.

XS
SM
MD
LG