ცხრამდე გაიზარდა რუსი სამხედროების მიერ 8 ივლისს, დილით, დონეცკის ქალაქ ლიმანის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი. ამის შესახებ დონეცკის რეგიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა პაველ კირილენკომ განაცხადა. ერთი დღით ადრე გავრცელებული ცნობით, ლიმანის დაბომბვისას რვა ადამიანი დაიღუპა, კიდევ 13 დაიჭრა.
კირილენკოს თქმით, გარდა ამისა, გასული დღის განმავლობაში, რუსეთის არმიის მიერ დაბომბვის შედეგად დაიღუპა ქალაქ ავდიევკის მკვიდრი, სოფელ ზაკოტნოეში კიდევ ერთი ადამიანი დაშავდა.
რუსეთის მხარეს ლიმანის დაბომბვის შესახებ ცნობა არ გაუვრცელებია.
დონეცკის ოლქის ქალაქი ლიმანი უკრაინის არმიამ 2022 წლის 1 ოქტომბერს გაათავისუფლა რუსეთის ოკუპაციისგან. ამ მოვლენამდე ერთი დღით ადრე, 30 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქები.
2022 წლის 4 ოქტომბერს ლიმანში გაიმართა უკრაინის სახელმწიფო დროშის აღმართვის ოფიციალური ცერემონია, მაგრამ რუსეთი მას შემდეგ განაგრძობს ლიმანისა და მის გარშემო არსებული დასახლებული პუნქტების დაბომბვას.