9 ივლისს უზბეკეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები იმართება, რომელშიც მონაწილეობს ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი შავკატ მირზოევი და კიდევ სამი კანდიდატი ფორმალურად ოპოზიციური პარტიებიდან. მათ შორის არიან განათლების ყოფილი მინისტრი და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე.
ვადამდელი არჩევნები უზბეკეთში მას შემდეგ დაინიშნა, რაც 30 აპრილს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგებით, დადასტურდა კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებები პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ხუთიდან შვიდ წლამდე გახანგრძლივების შესახებ. ცვლილებები ითვალისწინებს უფლებამოსილების გაფართოებასაც.
საკონსტიტუციო ცვლილებებით, შავკატ მირზოევს შესაძლებლობა ეძლევა, რომ ქვეყნის პრეზიდენტის პოსტზე 2037 წლამდე დარჩეს, ორი ვადით ზედიზედ. მისი საპრეზიდენტო ვადა 2016 წლიდან დღემდე „განულდება“.
საარჩევნო უბნები უზბეკეთში დილის 8 საათზე გაიხსნა. უზბეკეთის მოქალაქეები არჩევნებში საზღვარგარეთ, 40-მდე ქვეყანაში, მონაწილეობენ. ეუთო/ოდირის შუალედური ანგარიშის თანახმად, საარჩევნო კამპანია მიმდინარეობდა „დუნედ“ და ეს ასახავს „მოქმედი პრეზიდენტის ოპოზიციის არარსებობას“.